მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქაშიაშვილმა წყარო არ დაასახელა - ჟურნალისტის გამოკითხვა დასრულდა

ქაშიაშვილის გამოკითხვა დასრულდა

შინაგან საქმეთა სამინისტროში „შაბათის ფორმულას“ წამყვანისა და ავტორის, ჟურნალისტ დავით ქაშიაშვილის გამოკითხვა დასრულდა.

ჟურნალისტი უწყებაში უფლებადამცველთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც გამოკითხვის დასრულების შემდეგ ქაშიაშვილმა მედიას განუცხადა, პროფესიული ეთიკიდან გამომდინარე მას გამოკითხვაზე არცერთი დამატებითი დეტალი არ უთქვამს. ქაშიაშვილი ამბობს, რომ ინფორმაცია გადამოწმებულია, წყარო სანდოა და ის საგამოძიებო ორგანოდან არის.

„საგამოძიებო უწყებას ვუთხარი, რომ მათ კითხვებს ვერ ვუპასუხებდი გამომდინარე იქიდან, რომ არსებობდა წყაროს იდენტიფიცირების მაღალი საფრთხე. კითხვა არ დასმულა. მე და ჩემმა ადვოკატმა განვუმარტეთ, რომ ამ მიზეზების გამო დამატებით ინფორმაციას ვერ გავცემდით. დამატებითი ინფორმაციის გაცემის საშუალება, რომ მქონოდა ჩვენსავე სიუჟეტში მოვყვებოდი. მთელი რიგი საკითხები წყაროს მიერ მოწოდებული შეგნებულად ეთერში არ მოვყევით“, - აღნიშნა დავით ქაშიაშვილმა.

ცნობისთვის, ჟურნალისტი შსს-ში 2 აგვისტოს „ფორმულას“ ეთერში გასული სიუჟეტის გამო დაიბარეს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ახალგაზრდა პროგრამისტის სიკვდილი მის მიერ საიდუმლო ფაილების გახსნას უკავშირდება.ბაჩალიაშვილმა ერთ-ერთ პროექტზე მუშაობისას კონფიდენციალური მასალები გახსნა, სადაც სამი ქართველი მაღალჩინოსნის კომპრომატია.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის 18 ივლისს სახლიდან გავიდა და გაუჩინარდა. მისი ტელეფონი გათიშული იყო, დაკარგული იყო გარდაცვლილის ავტომობილიც.

5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ ბაჩალიაშვილის ცხედარი თეთრიწყაროში, ტყეში, საკუთარ ავტომობილში იპოვეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ, რომლებმაც ბაჩალიაშვილის ავტომობილში წერილი იპოვეს. თამარ ბაჩალიაშვილის მამა პროკურატურის დადგენილების საფუძველზე, დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნეს. ჯუმბერ ბაჩალიაშვილი აღნიშნავს, რომ მას თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა.

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიება ცენტრალურმა კრიმინალურმა პოლიციამ გადაიბარა.