ყაზბეგის მერიისგან სასურსათო კალათები მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული ყველა საბავშვო ბაღის აღსაზრდელის ოჯახს გადაეცა.
ინფორმაციას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროდუქტების გაცემის პროცესში აქტიურად ჩაერთო ყაზბეგის მერი ალექსანდრე ზაგაშვილი, ა(ა)იპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო-საგანმანათლებლო სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრის დირექტორი ქეთევან გელაშვილი, მერის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე, ა(ა)იპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლების კულტურისა და სპორტის განვითარების ცენტრის დირექტორი, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, მერიის თანამშრომლები და საკრებულოს წევრები.
სასურსათო პაკეტი, რომელიც 11 სახეობის სხვადასხვა პროდუქტისგან შედგება, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სააღმზრდელო-საგანმანათლებლო სკოლამდელ დაწესებულებათა ცენტრის 8 ფილიალის 210 აღსაზრდელის ოჯახს გადაეცა. პროცესი სპეციალისტების რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით განხორციელდა.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია კორონავირუსის პრევენციის მიზნით სხვადასხვა სახის ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს და 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.