მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლაშა ნაცვლიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ქართველი ხალხი სულელი ჰგონია, ეს მათი მთავარი შეცდომაა

ლაშა ნაცვლიშვილი „იმედის“ ეთერში

„ეს ხალხი, რომელიც სახელმწიფოსა და ლეგიტიმური და არალეგიტიმური ძალადობის ალიანსს წარმოადგენდა, საკუთარ უბნელეს წარსულს წარმოადგენს როგორც ნათელ მომავალს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა ტელეკომპანია„ იმედის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ნაცვლიშვილი აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობის“ შეცვლა ან მათ მხრიდან შეცდომების მონანიება გამორიცხულია და ხელისუფლებაში ყოფნისას მათ ტოტალიტარული რეჟიმის კლასიკური მაგალითი შექმნეს.

„ჩემი აზრით, ტოტალიტარიზმის კლასიკაში - გერმანული ნაციზმის, იტალიური ფაშიზმის შემდეგ, ჩვენს კონტინენტზე, „ნაციონალური მოძრაობის“ შექმნილი ტოტალიტარული სისტემა, სადაც ევროვიზიის კონკურსანტის კაბის ფერიდან დაწყებული, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტით დამთავრებული, ყველაფერს ერთი ძალა წყვეტდა, ეს არის კლასიკა და სახელმწიფოს მიმტაცებელი ტოტალიტარული რეჟიმი, რომელმაც საკუთარ დანაშაულებრივ წარსულს გვირგვინად 90-იანი წლების კრიმინალური ავტორიტეტი დაადგა და ყველაზე საშიში რაც არის - ქუჩისა და ძალადობის ალიანსი, ამას სთავაზობენ ნათელ მომავლად, ეს მართლაც ბნელი წარსულის მოციქულები“, - ამბობს ნაცვლიშვილი.

მისი თქმით, ოპოზიცია მმართველ გუნდს საქართველოს ედუარდ შევარდნაძის და ასლან აბაშიძის დროში დაბრუნებაში ადანაშაულებს, მაშინ როცა გიორგი რურუა პოლიტიკაში სწორედ აბაშიძის პარტიის სიით მოვიდა. ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი შეცდომა საზოგადოების არასათანადო შეფასებაა.

„ჩემი აზრით, ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც ისინი უშვებენ, არის ის, რომ ქართველი ხალხი მართლა სულელი ჰქონიათ, აი ამ უტიფრობას რომ ჰკადრებენ. იმიტომ რომ არ არიან ამ ხალხის ნაწილი. იმიტომ რომ ახლაც, ამ სიცრუითაც მათზე ძალადობენ. აღარ აქვთ ინსტრუმენტები, ვერ აწამებენ. ჭაკუა აღარ არის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ვერ აწამებენ, ვერ იჭერენ, ვერ ხვრეტენ. მაგრამ დარჩა ძალადობის ეს სახე - სიცრუით და მანიპულირებით ძალადობა და ჩემი აზრით, ამ ძალადობასაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველმა ხალხმა უნდა გასცეს საკადრისი პასუხი“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.