მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან დავითაშვილი: ბევრმა წამყვანმა ქვეყანამ COVID-19-თან ბრძლას თავი, მოქალაქეების დაუმორჩილებლობის გამო ვერ გაართვა

საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრიფინგი 2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, იმ მოქალაქეებს, რომლებმაც მაღალი სოცალური პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და თვითიზოლაციას მიმართეს მადლობა გადაუხადა.

მინისტრის განცხადებით, მსოფლიოში ბევრმა წამყვანმა ქვეყანამ COVID-19-თან ბრძლას თავი, მოქალაქეების დაუმორჩილებლობის გამო ვერ გაართვა.

"ყველა ღონისძიება, რაც საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ქვეყანაშია შემოღებული, მიმართულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ თვითიზოლაცია, მოვახდინოთ დაავადების გავრცელების პრევენცია. ეს არის უმნიშვნელოვანესი, აუცილებელი პირობა, რაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავიცვათ. სხვა შემთხვევაში, ჩვენ არა მხოლოდ ჩვენს ახლობლებს ვაყენებთ საფრთხის წინაშე, არამედ მთელი ქვეყნის უსაფრთხოებას ვუქმნით დიდ პრობლემებს. მინდა თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, დავემორჩილოთ იმ წესებს, რომლებსაც საგანგებო პირობები ითვალისწინებს. ამავე დროს, მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა აქვს.

ძალიან ბევრმა წამყვანმა ქვეყანამ ვერ გაართვა თავი ამ დაავადებასთან ბრძოლას, მხოლოდ იმის გამო, რომ მოქალაქეები კონსოლიდირებული არ იყვნენ, საზოგადოებამ სერიოზულად არ მიიღო და არ გაითვალისწინა დადგენილი მოთხოვნები და რეკომენდაციები", - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი შეზღუდვებიც დაწესდება.

"ჩვენ განვიხილავთ უფრო მკაცრ ნაბიჯებსაც, იმისთვის, რომ მივიღოთ ის შედეგი, რომელიც ყველას ინტერესშია. კონტაქტი არის ძალიან დიდი საფრთხე. ადამიანების კონტაქტი უნდა შეიზღუდოს, რომ არ მივიღოთ სავალალო შედეგები", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის, 28 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 90 ადამიანია ინფიცირებული, მათგან 16 პაციენტი გამოჯანმრთელდა.