მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლევან რატიანი: სიცრუეა, რომ მეგი ბაქრაძე კლინიკაში გარდაცვლილი შემოიყვანეს

საუნივერსიტეტო კლინიკა

„რაც ვრცელდება სოციალურ ქსელში, ეს წარმოადგენს ჭეშმარიტ სიცრუეს“,- ეს განცხადება პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ახალციხელი ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

ლევან რატიანმა იმ ღონისძიებების შესახებ ისაუბრა, რომლებიც მეგი ბაქრაძეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ ჩაუტარდა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პაციენტი კლინიკაში ცოცხალი შეიყვანეს თუმცა, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე და შეუქცევადი აღმოჩნდა.

„მინდა, ყველამ იცოდეს სიმართლე, რომ რაც ვრცელდება სოციალურ ქსელებში, არ წარმოადგენს ჭეშმარიტებას. ჟურნალისტის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, რომ ქალბატონი მეგი, 28 წლის, რომელიც ჩვენს კლინიკაში იყო შემოყვანილი 19:45 წუთზე, იყო სამწუხაროდ მიცვალებული, ეს წარმოადგენს ჭეშმარიტ სიცრუეს.

ქალბატონი მეგი ჩვენს კლინიკაში შემოყვანისას იმყოფებოდა ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, წნევის ამწევი პრეპარატების გარეშე, ვერ ინარჩუნებდა ჰემოდინამიკას. გასინჯული იყო პაციენტი ჩემ მიერ და ქალბატონი ქეთის მიერ. დაფიქსირდა, რომ პაციენტთან იყო ჰემოდინამიკის მკვეთრი მოშლა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის იყო გარდაცვლილი“,- განაცხადა ლევან რატიანმა.

მან ასევე განმარტა, რომ პაციენტის სიკვდილი ფიქსირდება გულის გაჩერების შემდეგ. ჩატარებულმა კვლევებმა კი ტვინის ელექტრული აქტივობა და გულისცემა დააფიქსირა. ექიმმა-რეანიმატოლოგმა აღნიშნა ისიც, რომ მეგი ბაქრაძის PCR ტესტი კორონავირუსზე უარყოფითი იყო.

„ყველამ უნდა იცოდეს ჭეშმარიტება - ყველაფერი გააკეთა კლინიკამ, რომ პაციენტის სიცოცხლე შენარჩუნებულიყო, მაგრამ რამდენიმე საათში დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. მედიცინაში სიკვდილი დგება, როდესაც ჩერდება გული.

შემოყვანისას თავის ტვინში იყო ელექტრული აქტივობა. ასევე, გაკეთდა ელექტრო კარდიოგრამა, რომელზეც ფიქსირდება გულისცემის სიხშირე და რიტმი.

რაც შეეხება მითქმა-მოთქმას, ჰქონდა თუ არა პაციენტს ანემია, ჩვენს კლინიკაში ჩატარებული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევებით, არცერთ კვლევაში ანემია არ ფიქსირდება. მას ჩაუტარდა PCR ტესტი, კიდევ ერთხელ განვმარტავ, ტესტი იყო ნეგატიური“,- განაცხადა რატიანმა.

აგრეთვე იხილეთ:

📌„მეგი ბაქრაძის მეუღლეს ემუქრებიან“ - ახალციხელი მედდის ოჯახის ადვოკატი