მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

"ლგბტ ადამიანები განიცდიან ჩაგვრას და ძალადობას" - ომბუდსმენის ანგარიში

ლგბტ

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობა ქვეყანაში არ გაუმჯობესებულა.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ჰომოფობიური და ანტიგენდერული ჯგუფების მომრავლების და გაძლიერების გამო, ლგბტ+ ადამიანები კვლავ განიცდიან ჩაგვრას, ძალადობას და დისკრიმინაციას.

"ამასთან, საზოგადოების დიდ ნაწილში არსებული ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობების გამო, ლგბტ+ პირებისთვის პრობლემას წარმოადგენს შრომის, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის და განათლების უფლებებით დაუბრკოლებლად სარგებლობა. 2019 წელს ლგბტ+ თემის, ლგბტ უფლებადამცველებისა და თემის მხარდამჭერების მიერ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო, ღიად არ აღინიშნა. სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში ამ დღის აღნიშვნა საქართველოში ძირითადად ძალადობრივ ქმედებებს უკავშირდება და საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანების უსაფრთხოებას", - ნათქვამია ანგარიშში.

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ 2019 წელს შესწავლილი საქმეების მიხედვით, ქვეყანაში კვლავ მაღალია გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ლგბტ+ პირების მიმართ ძალადობის ფაქტები.

"ქვეყანაში არ შეცვლილა ჰომოფობიური განწყობები და ლგბტ+ პირთა მიმართ ძალადობა ხშირად საზოგადოების მხრიდან გამართლებული და წახალისებულია. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივებით, სისხლისსამართლებრივი დევნა სულ დაიწყო 32 პირის მიმართ. ამათგან, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 19 პირის მიმართ; გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 12 პირის მიმართ, ხოლო სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1 პირის მიმართ.

ლგბტ+ თემის წარმომადგენლები საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისადმი მიმართვისას ხშირად უთითებენ, რომ როდესაც მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის თაობაზე პოლიციას მიმართავენ, დამამცირებელი მოპყრობის, ჰომოფობიური დამოკიდებულების, სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და გულგრილობის მსხვერპლნი ხდებიან. აღნიშნული ხშირად განპირობებულია სამართალდამცავ უწყებაში ლგბტ+ პირების მიმართ არსებული არასენსიტიური დამოკიდებულებით, ასევე, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობით, რომელიც არ არის მორგებული ლგბტ+ პირთა საჭიროებებს და ვერ უზრუნველყოფს გამოკითხვისას კონფიდენციალობის დაცვას. 

შედეგად, ხშირ შემთხვევაში, თემის წევრები კონკრეტული ძალადობის ფაქტების შესახებ პოლიციას არ ატყობინებენ, ან მოგვიანებით აღარ თანამშრომლობენ მათთან, რაც ძალადობის შემთხვევების აღურიცხაობას და რეაგირების მიღმა დატოვებას უწყობს ხელს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია არ აწარმოებს სტატისტიკას ლგბტ+ თემთან დაკავშირებულ საქმეებზე შესულ საჩივრებთან დაკავშირებით, რაც ხელს უშლის მიმართვიანობის და რეაგირების ტენდენციის დანახვას.

ამასთან, საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ, შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო 4 სისხლის სამართლის საქმეზე", - აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, ლგბტ+ პირების მიმართ ოჯახის წევრების მხრიდან ძალადობა და უგულებელყოფა მნიშვნელოვან პრობლემად რჩება.

"პრობლემურია ის ფაქტიც, რომ ინტიმური პარტნიორისგან ძალადობის შემთხვევაში, გეი/ბისექსუალ კაცებს არ აქვთ საშუალება, მიიღონ ადეკვატური დაცვისა და დახმარების სერვისები. ამასთან, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ერთი და იმავე სქესის წყვილებს შორის ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით სტატისტიკური ინფორმაციის აღრიცხვა. ეს იმით არის განპირობებული, რომ კანონმდებლობა ჰეტერონორმატიული ხედვით არის შექმნილი. ამასთან, თავად თემის შიგნით არსებული სტიგმის, შესაძლო იძულებითი „ქამინგ აუთის“ და სამართალდამცავთა მიმართ უნდობლობის გამო, ლგბტ+ პირები, ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობის შემთხვევაში, თავს იკავებენ სამართალდამცავი უწყებებისთვის მიმართვისგან", - აღნიშნულია ომბუდსმენის ანგარიშში, რომელსაც 25 ივნისს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე განიხილავენ.

როგორც სახალხო დამცველის ანგარიშშია ნათქვამი, საქართველოში ლგბტ+ პირთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების მიმართულებით ვითარება არ შეცვლილა.