მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ლიდერფუდის“ 10 მილიონიანი წილი სასამართლომ განხილვის გარეშე გაასხვისა – მხარეებს ყოფილი გენერალური პროკურორი და მედიამენეჯერი იცავენ

„ლიდერფუდის“ 10 მილიონიანი წილი სასამართლომ განხილვის გარეშე გაასხვისა – მხარეებს ყოფილი გენერალური პროკურორი და მედიამენეჯერი იცავენ

ყოფილი გენერალური პროკურორისა და „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორის პროფესიული გზები მსხვილი მასშტაბის ბიზნეს-დავამ გადაკვეთა. არჩილ კბილაშვილი დავით ზეიკიძეს იცავს, რომელსაც 50%-იან წილი საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა საქმის განხილვის გარეშე ჩამოართვეს. ზეიკიძის წილს მისივე სიძე, ირაკლი დუმბაძე ედავება. დუმბაძის ინტერესებს პაატა სალია წარმოადგენს.

პრესკონფერენცია, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით არჩილ კბილაშვილმა გამართა, თავიდანვე ხმაურიანი განცხადებით დაიწყო:

„რაც თანამდებობაზე აღარ ვარ და ვაგრძელებ საადვოკატო პრაქტიკას, ეს არის ჩემი პირველი შეხვედრა მას-მედიასთან. ამ გამონაკლისს ვუშვებ, რადგან კონკრეტული საქმე ერთგვარი ტესტი გახდება ქართული მართლმსაჯულებისთვის“, – განაცხადა მან.

ადვოკატმა დასაწყისშივე მიმართა საზოგადოებას თხოვნით, ამ კონკრეტული საქმის უკვე მესამე ინსტანციაში მიმდინარეობას განსაკუთრებული ყურადღებით მიადევნოს თვალი, რადგან, მისი თქმით, აშკარად და მაღალი ხარისხით იკვეთება უსამართლობა, დანაშაული და შესაძლო კორუფციის ნიშნები.

კბილაშვილის განცხადებით, საქმეს დამოუკიდებელი საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში ანალოგი არ ეძებნება, რამდენადაც მინიმუმ 10-15 მილიონი დოლარის ღირებულების დავა, როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს (კერძოდ, მოსამართლეების ქოჩიაშვილისა და მაკარიძის) მიერ ისე გადაწყდა დავით ზეიკიძის საწინააღმდეგოდ, რომ საქმის არსებითი განხილვა არ შემდგარა. 

კბილაშვილის განცხადებით, ამ საქმის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა დავით ზეიკიძეს ქონება ისე ჩამოართვეს, რომ მას არც სარჩელი ჩააბარეს და არც თავის დაცვის საშუალება არ მისცეს. ყველაფერი ემყარება იმას, რომ თითქოს დავით ზეიკიძემ შეპასუხება არ შეიტანა მისი სიძის მიერ სასამართლოში შეტანილ სარჩელზე, რის გამოც სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დავით ზეიკიძეს ქონება ჩამოართვა. 

საქმეში არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც სარჩელის დავით ზეიკიძისათვის ჩაბარებას დაადასტურებდა. ამის საწინააღმდეგოდ კი არსებობს ვიდეო და დოკუმენტური მასალები, ასევე, მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც სარჩელის ჩაბარებას გამორიცხავენ. ორივე ინსტანციის სასამართლო მათ უბრალოდ იგნორირებას უკეთებს. ეს მტკიცებულებები, მათ შორის, ვიდეო-მტკიცებულებები, კბილაშვილმა მედიას პრესკონფერენციაზევე წარუდგინა.

კბილაშვილი აცხადებს, რომ სამწუხაროდ, სასამართლო მოქმედებს ხელის გადაგრეხვის პრინციპით და ვარაუდზე დაყრდნობით, რომლის არც საფუძველი არსებობს, თითქოს მოპასუხეს მოსარჩელე მხარის მიერ გაგზავნილი სარჩელი ჩაბარდა და მან განსაზღვრულ ვადაში შესაგებელიარ წარადგინა, საქმეს დახურულად და მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტილად აცხადებს.

პრესკონფერენციაზე კბილაშვილმა თანმიმდევრულად აღწერა ის დეტალები, რაც მისი მტკიცებით, ნათელს ხდის ფაქტს, რომ სარჩელი მისი დაცვის ქვეშ მყოფ მხარეს არ ჩაბარებია, შესაბამისად, შესაგებელის წარდგენის ვადასაც ვერ დაარღვევდა.

ადვოკატმა საზოგადოებას, განსაკუთრებით კი იურიდიულ წრეებს, ბიზნეს-წრეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას მოუწოდა ამ საქმეს შეხედონ და განიხილონ როგორც არა ერთი რიგითი ბანალური ბიზნეს-დავა, არამედ, როგორც პრეცედენტული შემთხვევა, რადგან საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში ჯერ არ მომხდარა ფაქტი, როდესაც პირს ესოდენ მაღალი ღირებულების ქონება საქმის განუხილველად ჩამოერთვა და ეს მაშინ, როდესაც საქმე გაჯერებულია მრავალი მტკიცებულებით, რომლებიც სარჩელის ჩაუბარებლობას ადასტურებენ.

ადვოკატის განცხადებით, ორი ინსტანციის სასამართლომ საკუთრების ბედი გადაწყვიტა არასწორი, უსამართლო, ხელის გადაგრეხვის პრინციპით, რომელიც აზიანებს არა მარტო ამ დავის ერთ-ერთ მხარეს, არამედ მთლიანად მართლმსაჯულების სისტემას საქართველოში, ბიზნეს-გარემოს მთლიანად და აღრმავებს იმ ნიჰილიზმს, რაც სამწუხაროდ, სასამართლო სისტემის მიმართ არსებობს.

„როდესაც სასამართლოები ამ ღირებულების ქონების მიკუთვნებას წყვეტენ საქმის განხილვის გარეშე, ესე იგი, ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ აქ არის კორუფციული ნიშნები. ეს შეიძლება იყოს გარიგება მოსამართლეებთან, შეიძლება იყოს სხვაგან გარეთ, მოსამართლეების მიღმა, რომელსაც აქვთ გავლენა მოსამართლეებზე და შეიძლება იყოს კიდევ სხვა რამ. მე არ ვიცი, კონკრეტულად რამდენი შესაძლებლობა არსებობს იმისათვის, რომ უკანონო გადაწყვეტილება იქნეს მიღებული მოსამართლის მხრიდან“, – ამბობს არჩილ კბილაშვილი.

მისი განცახდებით, ახლა უკვე მესამე ინსტანციამ, ანუ უზენაესმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს ვერდიქტი – გამოუტანოს ბიზნესს უიმედობის და დაუცველობის განაჩენი, თუ გაუჩინოს განცდა, რომ ბიზნესის საუკეთესო ინტერესები საქართველოში ყოველთვის მართლმსაჯულების უმაღლესი სტანდარტის დაცვით იქნება გარანტირებული. ადვოკატის განცხადებით, მისი მხარე, ამ ეტაპზე, მხოლოდ იმას ითხოვს, რომ სასამართლომ საქმე განიხილოს და გადაწყვეტილება ისე მიიღოს.

დღეს ჩვენ, ჩვენი ქვეყნის გულშემატკივარი დიპლომატები პირდაპირ გვეუბნებიან, რომ „ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. ამ მიმართულებით პროგრესი მნიშვნელოვანია, როგორც საქართველოს დემოკრატიული, ასევე ეკონომიკური განვითარებისთვის“. ეს სიტყვა-სიტყვით გახლავთ ციტატა სულ რამდენიმე დღის წინ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, ქალბატონი კელი დეგნანის გამოსვლიდან.

ჩვენ წინაშე კი დგას მრავალმილიონიანი ბიზნეს დავის სასამართლო განხილვის გარეშე გადაწყვეტის მცდელობის საკითხი. და ეს ყველაფერი, მე, სამწუხაროდ, მიტოვებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ეს საქმე კორუფციის ნიშნებს შეიცავს.

შესაბამისად, სათანადო განცხადებით, ჩვენი მხარის მიერ, უკვე მიმართულია საქართველოს პროკურატურისადმი. ამაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი კი ვფიქრობ, არის ის, რომ ქართულმა საზოგადოებამ, განსაკუთრებით მისმა სამოქალაქო და ბიზნეს უფლებების აქტიურად დამცველმა ნაწილმა, იურიდიულმა და ბიზნეს-გაერთიანებებმა, მთელი სერიოზულობით აღიქვან ეს საქმე, როგორც გამოუსწორებელი საფრთხე, რომელიც საქართველოში ბიზნეს-სამართალს, სამწუხაროდ, სასამართლო ინსტიტუციის ორი ინსტანციის მიერ უკვე აშკარად და დაუფარავად დაემუქრა“, – განაცხადა კბილაშვილმა პრეს-კონფერენციაზე.