მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ლუკაშენკო მეექვსე ვადით არჩევისთვის ემზადება - შეიცვლება თუ არა ბელარუსის საგარეო კურსი?

ალექსანდრე ლუკაშენკო

ბელარუსში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს გაიმართება. ცვლილების შესაძლებლობა მინიმალურია და უდიდესი ალბათობით, პოსტს VI ვადით ალექსანდრე ლუკაშენკო დაიკავებს, რომელიც 1994 წლიდან ქვეყანას ერთპიროვნულად მართავს. არჩევნებს შესაძლოა მოჰყვეს პროტესტი, დარღვევების შესახებ აუცილებლად ისაუბრებენ დასავლეთში, სახელმწიფოთა ნაწილმა შედეგები შესაძლოა საერთოდ არ ცნოს, მაგრამ არსებითი ცვლილებები მაინც ნაკლებად მოსალოდნელია.

ლუკაშენკოს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „ევროპის უკანასკნელ დიქტატორს“. მასზე და მის გარემოცვაზე 2006 წლიდან ევროკავშირის სანქციები მოქმედებს. თუმცა, მათი ეფექტიანობა პრაქტიკულად ნულის ტოლია. ბელარუსი დღემდე რჩება ერთადერთ ევროპულ სახელმწიფოდ, სადაც სიკვდილით დასჯა მოქმედებს. 2019 წლის საპარლამეტო არჩევნებზე ოპოზიციამ 1 მანდატიც ვერ მოიპოვა.

1991 წლის 17 მარტს გამართულ საბჭოთა რეფერენდუმზე ბელარუსში იმპერიის შენარჩუნებას ამომრჩევლის 83%-ზე მეტმა დაუჭირა მხარი, თუმცა, 25 აგვისტოს ქვეყნის უმაღლეს საბჭოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება მაინც მოუწია.

8 დეკემბერს რუსეთმა უკრაინასთან და ბელარუსთან ერთად დსთ დააარსა, სადაც იმ დროისთვის ბალტიის ქვეყნებისა და საქართველოს გარდა ყველა ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკა გაწევრიანდა. ხელშეკრულებას ხელი მინსკში მოეწერა. (საქართველო დსთ-ს წევრი 1993-2009 წლებში იყო).

1991-1994 წლებში ბელარუსი საპარლამენტო რესპუბლიკა იყო. 1994 წელს კონსტიტიციის მიღების შემდეგ საპრეზიდენტო რესპუბლიკად გადაკეთდა, მას შემდეგ ქვეყანას ლუკაშენკო მართავს.

ბელარუსი დღეს ნახევრადსაბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, რომელსაც ხშირად „სახელმწიფო კაპიტალიზმის“ სახელით მოიხსენიებენ, თავად ბელარუსში კი „საბაზრო სოციალიზმს“ უწოდებენ. ქვეყანაში არსებობს როგროც კერძო, ასევე, სახელმწიფო წარმოება. კერძო კომპანიებს ასევე, სახელმწიფო აკონტროლებს, მათ შორის საფასო ნაწილშიც. ქვეყანა უშვებს მსოფლიოში უდიდეს 450 ტონიან სატვირთო ბელაზსა და ტვირთამწეობით ყველაზე დიდ 15 ტონიან სახანძო შვეულმფრენ Mi 26-ს, რომელითაც საქართველოს 2017 წელს ბორჯომის ხანძრის დროს დაეხმარა.

belazi_o_h.jpeg

ლუკაშენკომ ჯერ კიდევ 1991 წელს პარლამენტში ყოფნისას საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას დაუჭირა მხარი. ამის შემდეგ გაპრეზიდენტებისთანავე რუსეთთან მჭიდრო კავშირები დაამყარა. 1999 წლის ხელშეკრულებით, რუსეთი და ბელარუსი ერთ სახელმწიფოდ უნდა ჩამოყალიბებულიყვნენ. გადაადგილება და ბიზნესსაქმიანობა სპეციალური გამარტივებული რეჟიმით რეგილირდება. გაეროს რეზოლუციებში, რომელიც აფხაზეთში დევნილების დაბრუნებას ეხება, ბელარუსი ერთ-ერთია იმ მცირე რაოდენობის სახელმწიფოებიდან, რომელიც ხმას წინააღმდეგ აძლევს, უფრო მეტიც, 2019 წელს მან ღიად განაცხადა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი ხავიერ სოლანას, რომელიც იმ დროს ევროკავშირის საბჭოს გენერალური მდივნის პოსტს იკავებდა, მუქარის გამო არ აღიარა. საუბარი იყო არა პიროვნულ, არამედ ბევრად უფრო მძიმე საკითხებზე, ვაჭრობის შეზღუდვიდან დაწყებული საბანკო სისტემიდან - SWIFT-დან გათიშვით დამთავრებული.

ლუკაშენკოს აღიარებას შემდეგ ე.წ. პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ იმედი გამოთქვა, რომ ერთ დღეს ბელარუსი აფხაზეთის დამოუკიდებლობას მაინც აღიარებდა. შამბას განცხადებაზე ბელარუსის პრეზიდენტს კომენტარი აღარ გაუკეთებია.

სკანდალურ განცხადებამდე 4 წლით ადრე ლუკაშენკომ თბილისში შემდეგი სიტყვები თქვა: „თბილისში აქამდე არასდროს ვყოფილვარ, ფაქტობრივად, არც საქართველოში, გარდა სოხუმისა“. ამ სიტყვების მიუხედავად შემდგომ წლებშიც ბელარუსმა კვლავ დევნილთა დაბრუნების წინააღმდეგ მისცა ხმა.

lukashenko_o_h.jpeg

ჩერჩილის სიტყვებს, რომ პოლიტიკაში არ არსებობს მუდმივი მეგობრები და მტრები, არსებობს მხოლოდ მუდმივი ინტერესები, ლუკაშენკო და პუტინი ხშირად ამართლებენ. მოკავშირე სახელმწიფოებს უთანხმოება ხშირად მოსვლიათ, ბოლო პერიოდში უთანხმოებების რაოდენობა და სიმძიმე გაიზარდა.

რუსეთი საუკუნოვან ტრადიციას მისდევს და ყველა მოკავშირეს, განსაკუთრებით მაშინ თუ ის ყოფილი კოლონია ან პატარა სახელმწიფოა, როგორც ვასალს ისე უყურებს. თუ რომელიმე მათგანმა, ამ შემთხვევაში ბელარუსმა, მისი რომელიმე დირექტივა არ შეასრულა, ეს უკვე პრობლემაა, რა დროსაც საქმეში „როსსელხოზნადზორი“ ერთვება და „აღმოაჩენს“, რომ თურმე, ბელარუსული ხორცი რუსეთის მოქალაქეების ჯანმრთელებოსთვის საზიანოა, ხოლო ბელარუსული რძე რაღაც უცხო ბაქტერიებს შეიცავს. თავის მხრივ, მეტი სარგებლის მიღებას ბელარუსიც ცდილობს, რაც შესყიდული გაზის ღირებულების შემცირებაში ან მისი ტრანზიტის საფასურის გაზრდის მცდელობაში გამოიხატება.

მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკის გამოყენებით რუსეთმა ბელარუსს თებერვალში ნავთობი გაუძვირა, თუმცა, გაზზე ძველი ფასი დაუტოვა - 127 აშშ დოლარი 1000 კუბურ მეტრზე. კრემლის განრისხება ბელარუსის მიერ ნორვეგიული ნავთობის შესყიდვამ გამოიწვია. ლუკაშენკოს არ დაუმალავს, რომ დივერსიფიკაციის მიზანს ყოველი წლის ბოლოს რუსეთთან დაჩოქების თავიდან აცილება წარმოადგენდა. მისი განცხადებით, ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად მინსკი სხვა ქვეყნებისთვის მოსკოვის მიერ შეთავაზებულზე უფრო მაღალი ფასის გადასახდელად მზადაა.

ენერგომატარებლების შესახებ დაპირისპირების პარალელურად ბელარუსმა სახელმწიფო გერბში მცირე კორექტივების შეტანა გადაწყვიტა. გლობუსზე რუსეთის გამოსახულება მცირდება, ევროპის კი იზრდება.

belarusis-gerbi_o_h.jpeg

ყოველთვის, როცა ლუკაშენკო მცირე რაოდენობით შემორჩენილ ოპონენტებს უსწორდება, აღნიშნავს, რომ ქვეყანა განსაცდელისგან გადაარჩინა, რომ მათ, დაკავებულებს, ქვეყნის არევა და დესტაბილიზაცია სურდათ. ანალოგიური განაცხადა ახლაც, როდესაც ივნისში მისი პოტენციური მეტოქე ვიქტორ ბაბარიკა დააკავეს.

ბელარუსი ერთ-ერთია იმ მცირე რაოდენობის ქვეყნებიდან, სადაც კორონავირუსის გამო მკაცრი კარანტინი არ გამოცხადებულა. სპორტული თამაშებიც კი არ შეჩერებულა. ლუკაშენკომ მოსახლეობას ვირუსისგან თავის დასაცავად არყის დალევა და საუნაში წასვლა ურჩია. მისი განმარტებით რეალურად კორონასგან არავინ დაღუპულა და გარდაცვლილებიდან ყველას სხვა დაავადება აწუხებდა და მათი დაღუპვის მიზეზი სწორედ ის სხვა დაავადება გახდა. 3 ივლისის მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსი 63 ათას ადამიანს აქვს ლაბორატორიულად დადასტურებული, საიდანაც 412 გარდაიცვალა. სიკვდილიანობის კოეფიციენტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია და 0.65%-ს შეადგენს.

ლუკაშენკო ექსცენტიკული განცხადებებით ყოველთვის გამოირჩეოდა. ის პერიოდულად საკუთარ თავს ავტორიტარს უწოდებს, ზოგჯერ კი დიქტატორობას კატეგორიულად უარყოფს. სექსუალურ უმცირესობებზე კომენტირებისას 2013 წელს განაცხადა, რომ შეიძლება ქალს აპატიოს ლესბოსელობა, მაგრამ კაცის გეობას ვერ შეეგუება.

ბოლო პერიოდში ბელარუსის მიმართ საერთაშორისო მედიის ყურადღება გაიზარდა, თუმცა არა მოახლოებული არჩევნების გამო, რომლის ბედიც ფაქტობრივად, უკვე გადაწყვეტილია და შედეგიც წინასწარ, დიდი ხნით ადრე ცნობილი, ინტერესს პუტინის განცხადება იწვევს. 22 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გასაბჭოების შემდეგ რუსეთმა მოკავშირე სახელმწიფოებს დიდი ოდენობით ისტორიული რუსული მიწები დაურიგა, სსრკ-ის დაშლის შემდეგ კი „უმადურმა“ ყოფილმა მოკავშირეებმა რუსეთს ეს მიწები უკან არ დაუბრუნეს. დასავლეთში ფიქრობენ, რომ კრემლის მორიგი სამიზნე საქართველოსა და უკრაინის შემდეგ შესაძლოა, სწორედ ბელარუსი გახდეს.

რა მოხდება 9 აგვისტოს შემდეგ? საგარეო კურსის რადიკალურად შეცვლა ნაკლებადაა მოსალოდნელი, თუმცა, რუსეთთან ურთიერთობა შესაძლოა კიდევ უფრო გაცივდეს, რასაც კრემლი მარტივად არ გაატარებს.

ავტორი: გიორგი ელიზბარაშვილი