მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თბილისსა და მიუნჰენს შორის რეგულარული რეისები შესრულდება

თვითმფრინავი

საქართველოს მთავრობამ 9 ივლისს სხდომაზე დაამტკიცა ცვლილება მთავრობის 322 დადგენილებაში „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ლევან კარანაძის განცხადებით, სააგენტომ გერმანულ ავიაკომპანია „ლუფტჰანზასთან“ უკვე გამართა კონსულტაციები, რომლის თანახმადაც ავიაკომპანიამ გამოთქვა მზაობა, ყველაზე გვიან აგვისტოში დაიწყოს რეგულარული ფრენები თბილისსა და მიუნჰენს შორის, თავდაპირველად კვირაში ორი რეისის სიხშირით.

მისი თქმით, ამის წინაპირობად დასახელდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ „ნოტამ“-ის (საერთაშორისო საავიაციო არხებში დაგზავნილი ინფორმაცია არსებული რეგულაციების შესახებ) არსებულ შეტყობინებაში ცვლილების შეტანა ფრენების შესრულებაზე შეზღუდვის მოხსნის თაობაზე.

„საქართველოს მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო შეძლებს, უკვე ფორმალურად აცნობოს ავიაკომპანია „ლუფტჰანზას“ „ნოტამ“-ში ცვლილების შეტანის შესახებ,“ - განაცხადა ლევან კარანაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ გუშინ, 8 ივლისს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გამართა, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველო ევროკავშირის 5 ქვეყანას უხსნის საზღვარს.

საქართველოს ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საზღვრები სრულად მარტის შუა რიცხვებში ჩაკეტა.