მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მადლიერების ტაშის“ შემდეგ, რომელმაც მთელი საქართველო გააერთიანა, სამოქალაქო მოძრაობა „შენმოქმედი“ 4 ახალი ქმედითი ინიციატივით გამოდის

სამოქალაქო მოძრაობა „შენმოქმედი“ 4 ახალი ქმედითი ინიციატივით გამოდის

„სექტორი- 3“ და ფონდი „პროდემოსის“ ინიციატივა „შენმოქმედი“ სამოქალაქო მოძრაობაა, რომელსაც სჯერა, რომ გლობალურ საფრთხესთან გამკლავება საზოგადოების ყველა წევრის, ყველა სექტორის ჩართულობითაა შესაძლებელი.

„მადლიერების ტაშის“ შემდეგ, რომელმაც მთელი საქართველო გააერთიანა, სამოქალაქო მოძრაობა „შენმოქმედი“ 4 ახალი ქმედითი ინიციატივით გამოდის, რომელში ჩართვაც შეუძლია როგორც მოქალაქეს, ისე ორგანიზაციას, საჯარო და კერძო სექტორს, სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას - ფინანსური, მატერიალური, ადამიანური თუ ინტელექტუალური რესურსით.

4 ახალი ინიციატივა გულისხმობს:

1. კომპიუტერი და ინტერნეტი ყველა ოჯახს;

2. სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიაორგანიზაციებისთვის;

3. კენწერო - ელექტრონული სწავლებისა და ტრენინგების ქართული პლატფორმა;

4. Game of Homes - თვითიზოლაციური თამაშები სახლში დარჩენის წასახლისებლად.

სექტორი-3-ის დამფუძნებლის ქეთევან ჩაჩავას თქმით, დღეს, როცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის სახლში დარჩენა, როცა სკოლა, სამსახური, უნივერსიტეტი, კომუნიკაციები ონლაინ სივრცეში ინაცვლებს, კომპიუტერი და ინტერნეტი ფუფუნება აღარ არის, ისინი სასიცოცხლო აუცილებლობაა.

„სამოქალაქო მოძრაობა „შენმოქმედის“ ინიციატივაა, გააერთიანოს მოქალაქეები, ორგანიზაციები, სხვადასხვა სექტორები იმისთვის, რომ საქართველოს ყველა ოჯახში არსებობდეს კომპიუტერი და ინტერნეტი - ორი აუცილებელი ფაქტორი, რომელიც უზრუნველყოფს წვდომას განათლებასთან, ინფორმაციასთან, გვაძლევს შესაძლებლობას შევინარჩუნოთ კომუნიკაცია ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და გარესამყაროსთან. პირველ ეტაპზე, პრიორიტეტი მიენიჭებათ სოციალურად დაუცველ: მრავალშვილიან ოჯახებს, მარტოხელა მშობლებსა და მასწავლებლებს, შემდგომ კი ინიციატივა საჭიროების მქონე სხვა მოქალაქეებზეც გავრცელდება. ინიციატივაში ჩართვა შესაძლებელია როგორც დონაციის, ისე საჭიროების მქონეთა ნომინირების კუთხით. მსურველებს დეტალური ინფორმაციის მიღება ფონდი პროდემოსის გვერდზე შეუძლიათ“, - აცხადებს ქეთევან ჩაჩავა.

მისი თქმით, „შენმოქმედი“ მოქალაქეებისა და ბიზნესსექტორის გარდა, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების კიდევ უფრო გააქტიურებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.

„მეორე ინიციატივის - სწრაფი რეაგირების საგრანტო კონკურსის მიზანი COVID-19-ის პანდემიის შედეგად შექმნილ ვითარებაში მაქსიმალურად ეფექტიანი და ეფექტური ინიციატივების მხარდაჭერაა, რომელიც მიმართული იქნება არსებული კრიზისის შედეგად წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრისა და/ან შემსუბუქებისკენ. მონაწილეობის მიღება შეუძლია დარეგისტრირებულ სამოქალაქო საზოგადოებასა (ააიპ) და მედიაორგანიზაციებს“, - აცხადებს ქეთევან ჩაჩავა.

კონცეფციის წარდგენის ბოლო ვადაა 4 აპრილი.

რაც შეეხება მესამე ინიციატივას - კენწერო - ელექტრონული სწავლებისა და ტრენინგების ქართული პლატფორმა, სექტორი -3-ის დამფუძნებლის თქმით, „კენწერო“ ინოვაციური ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოქალაქეებს შესთავაზებს:

  •  მსოფლიო მასშტაბით არსებულ საგანმანათლებლო რესურსებს ქართულ ენაზე
  • ახალ რეალობაზე მორგებულ ონლაინ კურსებსა და ტრენინგებს ქართველი და უცხოელი ტრენერების მონაწილეობით
  • შესაბამის საგანმანათლებლო და დასაქმების პერსპექტივებს
  • ონლაინ დისკუსიის შესაძლებლობებს

ონლაინ სწავლება მსოფლიოსა და საქართველოში სიახლე არ არის, თუმცა COVID19-ის პირობებში ამ შესაძლებლობამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.

„ერთი მხრივ, უკვე არაერთი უცხოენოვანი პლატფორმა და ლიდერი უმაღლესი სასწავლებელი ადამიანებს ელექტრონულ კურსებს უფასოდ სთავაზობს, მეორე მხრივ კი, აუცილებელია ახალი მიდგომები და შესაძლებლობები იმისთვის, რომ ადამიანებმა არსებული ეკონომიკური გამოწვევების პირობებში ადაპტირებისა და დასაქმებისთვის საჭირო ცოდნები და უნარები შეიძინონ“, - ამბობს ქეთევან ჩაჩავა.

დაბოლოს, მეოთხე ინიციატივა - Game of Homes - თვითიზოლაციური თამაშები სახლში დარჩენის წასახალისებლად.

„COVID 19-ის პირობებში ორ მნიშვნელოვანი გამოწვევა ადამიანების სახლში დარჩენის მოტივირება და მოსალოდნელი ეკონომიკური ზარალის შემცირებაა. „შენმოქმედის“ კიდევ ერთი ინიციატივა Game of Homes არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ლაბორატორიასა და კომუნიკაციების კომპანია კრაკენთან ერთად ხორციელდება და ამ ორი გამოწვევის დასაძლევადაა მიმართული. Game of Homes ფეისბუქის ჯგუფია, რომელიც მის წევრებს სახლის პირობებში ყოველდღიურ გამოწვევებს, თამაშებს, გართობის სხვადასხვა ხერხსა და შესაბამის პრიზებს სთავაზობს. გარდა ამისა, მცირე ბიზნესს, რომელიც ყოველდღიურ პრიზებს აწესებს, პროექტი ეხმარება გაყიდვების სტიმულირებასა და საკუთარი პროდუქციის რეკლამირებაში. ინიციატივაში ჩართვისთვის შეგიძლიათ დაემატოთ ჯგუფში Game of Homes“, - აცხადებს სექტორი-3-ის დამფუძნებელი.

„საქართველო და მსოფლიო გლობალური გამოწვევისა და ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდა. ეს გამოწვევა ისტორიული მასშტაბისაა და ქვეყნებისგან, მთავრობებისგან, ორგანიზაციებისგან და თითოეული მოქალაქისგან შესაბამის ქმედებებს მოითხოვს. COVID 19-ის პირობებში აღარ არსებობს უმნიშვნელო გადაწყვეტილებები და ლოკალური პასუხისმგებლობები. ბოლო რამდენიმე თვემ გვაჩვენა, რომ ერთი ადამიანის ერთმა მოქმედებამ შეიძლება მთელი სამყარო შეცვალოს და ახალი გამოწვევების დაძლევა მხოლოდ ერთად და ერთობით არის შესაძლებელი“. - ამბობენ მოძრაობის დამფუძნებლები.