მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაისში ატმოსფეროს დაბინძურების ახალი რეკორდი მოიხსნა

ნახშირორჟანგი

მიმდინარე წლის მაისში ატმოსფეროს ნახშირორჟანგით დაბინძურების ახალი რეკორდი მოიხსნა და 1 მლნ-დან 417.16 ნაწილაკს მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.33-ით მეტია. პანდემიამ და საყოველთაო კარანტინმა ზრდის ტემპი ვერ შეაჩერა. ამ კონცენტრაციით ნახშირორჟანგი ატმოსფეროში ბოლო 5 მლნ წელი აღარ ყოფილა.

მსოფლიოში გლობალური დათბობის უარმყოფელთა ჯგუფი ნელ-ნელა ბრტყელი დედამიწის მომხრეებს ემსგავსება. ყველა გაზომვა ცხადყოფს, რომ ბოლო 150 წლის მანძილზე პლანეტის საშუალო ტემპერატურა 1 გრადუსზე მეტადაა მომატებული.

1 გრადუსი შესაძლოა, უმნიშვნელოდ გამოიყურებოდეს, მაგრამ საკმარისია იმისთვის, რომ გაადნოს ტრილიონობით ტონა ყინულის საფარი ანტარქტიდაზე, არქტიკასა თუ გრენლანდიაზე. გამოიწვიოს გვალვები, დააშროს მდინარეები, ასობით მილიონ ადამიანს გააუარესოს საკვებისა და სასმელი წყლის ხარისხი.

დედამიწას ბევრად უფრო დიდი კატაკლიზმებიც ახსოვს, სხვადასხვა დროს იყო გამყინვარების პერიოდები, გამუდმებით იფრქვეოდა ვულკანები, კონტინენტები ერთმანეთს ეჯახებოდნენ და სცილდებოდნენ, იცვლებოდა ატრმოსფეროს შემადგენლობა, მოხდა 5 დიდი გადაშენება, მაგრამ ადრე ცვლილებებს, როგორც წესი, მილიონობით წელი სჭირდებოდა, ახლა კი კლიმატის ცვლილებას ადამიანი თავისი სიცოცხლის მანძილზეც კი ატყობს.

გლობალური დათბობის ძირითადი განმაპირობებელი წიაღისეული საწვავის მოხმარებაა. თანამედროვე ადამიანი წლიურად 37 მლრდ ბარელ ნავთობს, 3.7 ტრლნ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზსა და 7.5 მლრდ ტონა ნახშირს მოიხმარს. შედეგად ტრანსპორტისა თუ საწარმოების მიერ გამოყოფილი ნახშირორჟანგის წლიური მოცულობა 37 მლრდ ტონას აღწევს.

გარკვეული დოზით ნახშირორჟანგი სიცოცხლის არსებობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. მის გარეშე პლანეტა გაიყინებოდა, თუმცა უკეთეს პერსპექტივას არც მისი ზრდა აჩენს. დედამიწასთან ყველაზე ახლოს ვენერაა და არა მარსი. უახლოესი მანძილი ვენერამდე 41 მლნ კილომეტრი, მარსამდე 56 მლნ კილომეტრი. გარდა ამისა, ვენერა დედამიწას ზომებითაც მეტად ემსგავსება, მისი ზედაპირის ფართობი დედამიწის ზედაპირის ფართობის 90%-ს უდრის, მარსის შემთხვევაში 28%-ს, მოცულოცულობა 86% და მასა 82%, ეს მაშინ, როცა მარსის მოცულობა დედამიწის მოცულობის 15%-ს არ აღემატბა, მასა კი 10%-ს. გრავიტაციაც 90 პროცენტია 38%-ის საპირისპიროდ. ასეთი აშკარა უპირატესობების მიუხედავად კოსმოსური ზონდების უმრავლესობა მარსზე იგზავნება და ადამიანიც მარსის კოლონიზაციას გეგმავს. მიზეზი, რის გამოც დედამიწელი ასტრონომები უხლოეს მეზობელს იწუნებენ, ტემპერატურაა რომელიც 470 გრადუსს აღწევს, 45 გრადუსით მეტს ვიდრე მზესთან უფრო ახლოს მყოფ მერკურზე. ვენერას ატმოსფეროს 96.5% ნახშირორჟანგი შეადგენს.

XIX საუკუნეში, პირველი ინდუსტრიული რევოლუციის აქტიურ ფაზაში შესვლამდე ატმოსფეროში ნახშიროჟანგის წილი 1 მლნ-დან 280-ს შეადგენდა, 1958 წელს როდესაც სისტემატური გაზომვები დაიწყო - 315-ს, დღეს კი უკვე 417-ს.

ნახშირორჟანგის კონცენტრაციის არსებული ტემპით ზრდა და მისი თანმდევი გლობალური დათბობა დედამიწაზე სიცოცხლის არსებობის საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს, მაგრამ ყოველწლიურად პირდაპირი და ირიბი გზებით 8 მლნ-ზე მეტ ადამიანს კლავს. უფრო მეტს ვიდრე ცალ-ცალკე აღებული სიმსივნე და თამბაქო. 2001 წლიდან დღემდე დაბინძურებული ჰაერით, იმაზე მეტი ადამიანი დაიღუპა ვიდრე ორივე მსოფლიო ომში ერთად აღებული.

უმოქმედობის შემთხვევაში საუკუნის ბოლომდე ტემპერატურა 6 გრადუსით მოიმატებს, რაც შესაძლოა კატასტროფადაც შეფასდეს. 2015 წლის პარიზის კლიმატის ხელშეკრულებით, მხარეებმა პირობა დადეს, რომ ზრდა 2 გრადუსს არ გადასცდებოდა. მეცნიერები გამოსავალს გამწავანების ზრდაში, წიაღისეული საწვავის მოხმარების შემცირებაში, განახლებადი ენერგიის წილის ზრდასა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვაში ხედავენ.