მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მაკო გომურის სიტყვა აქციაზე: უნდა მივიღო საკუთარი წილი სამართალი

გომურის სიტყვა აქციაზე

20 ივნისის ღამეს დაზარალებულმა მაკო გომურმა პარლამენტთან აქციაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა. როგორც გომურმა აღნიშნა, ერთი წლის შემდეგ იმავე გამზირზე ყოფნა მისთვის არც ისე მარტივი აღმოჩნდა.

ის ამბობს, რომ ხელისუფლებისგან თავისი წილი სიმართლე დღემდე მისაღები აქვს და კონკრეტულ კითხვებზე პასუხებს დღემდე ელოდება

„ძალიან რთულია ამ წუთას აქ დგომა და მეგონა, რომ ძალიან ენერგიულად მოვედი დღეს, თუმცა ახლა ვხდები, ძალიან რთული ყოფილა ისევ, ერთი წლის შემდეგ, აქ დგომა. პირველ რიგში, თქვენ მადლობა იმისთვის, რომ ეს საშინელი ერთი წელი თქვენთან ერთად გამოვიარე იმიტომ, რომ ყოველთვის გაინტერესებდათ და ყოველთვის დარდობდით, როგორ ვიქნებოდი მე, რა წინსვლა იქნებოდა.

ზუსტად ერთი წელი გავიდა 20 ივნისიდან. ერთი წლის წინ ასე ვიდექი, ზუსტად იგივე ტანსაცმელი მეცვა და როგორც ახლა ვქმნი რაიმე საფრთხეს თქვენთვის, სამართალდამცველებისთვის ან იმ შენობისთვის, მაშინაც ასეთ საფრთხეს წარმოვადგენდი, თუმცა როგორც ჩანს, ეს არ იყო საკმარისი ერთ-ერთი სამართალდამცველისთვის და მესროლა. მესროლა და გაჩნდა შეკითხვა - რატომ? ეს ის შეკითხვაა, რომელზეც ერთი წლის განმავლობაში პასუხი ვერ მივიღე, არადა რეალობა ხომ მარტივია, უნდა მივიღო საკუთარი წილი სამართალი, თუმცა სხვა რეალობაც გვაქვს, რომელიც არის ჩემ წინ პარლამენტის შენობაში, ყოველ წამს ცდილობენ, რომ თავისი „ტრიუკებით", თავისი რეპლიკებით ჩვენი სახელი გააფუჭონ საზოგადოებაში“, - განაცხადა მაკო გომურმა.

2019 წლის 20 და 21 ივნისს, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის დროს რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სკამის დაკავებასა და საქართველოს პარლამენტში რუსულ ენაზე ასამბლეის სესიის ჩატარებას თბილისში საპროტესტო გამოსვლები და დარბევა მოჰყვა.

თავდაპირველად საპროტესტო აქცია სასტუმრო „რედისონთან“ დაიწყო, თუმცა შემდგომ საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გაგრძელდა. 20 ივნისს, გვიან ღამით სამართალდამცველებმა აქციის დაშლა დაიწყეს. ადგილობირივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებით, სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ იყო გამოყენებული არაპროპორციული საპოლიციო ძალა.

აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცველი იყო. დაშავებულებიდან ორმა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ. დაზიანებები მიიღო 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა.

საპროტესტო ტალღის შედეგად 21 ივნისს თანამდებობა დატოვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, ხოლო ასამბლეის საქართველოში ჩატარების ინიციატორმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა მანდატზე უარი თქვა.