მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მარიამ ქვრივიშვილი: სვანეთში ვირუსის გავრცელების პრევენცია, ფაქტობრივად, მიღწეულია

ტურიზმი, კორონავირუსი, სვანე
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულმა სწრაფმა და სწორმა გადაწყვეტილებებმა განაპირობა, რომ სვანეთში ვირუსის გავრცელების პრევენცია, ფაქტობრივად, მიღწეულია.

მისი თქმით, სვანეთიდან, 900-ზე მეტი ადამიანია გამოყვანილი და საკარანტინო სივრცეებში დაბინავებული.

„საკოორდინაციო საბჭოს დავალებით ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სვანეთში, პირდაპირი კონტაქტი გვაქვს დამყარებული იქ მყოფ ფაქტობრივად, ყველა დამსვენებელთან. დღევანდელი დღის მონაცემებით, ჩატარდა ძალიან მსხვილი სამუშაოები და შეგვიძლია ვთქვათ, რომ 900-ზე მეტი ადამიანია სვანეთიდან გამოყვანილი, ისინი დაბინავებულნი არიან საკარანტინო სივრცეებში“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, თავის მხრივ საკარანტინო სივრცეები მოეწყო თავად სვანეთში, ადგილზე შეაფასეს განთავსების ობიექტებში არსებული ინფრასტრუქტურის. ამასთან, დამსვენებლები საკარანტინო სივრცეებში მაქსიმალურად ორგანიზებულად გადაჰყავთ.

„შევეცადეთ, ეს ყოფილიყო საკმაოდ კომფორტული პროცესი დამსვენებლებისთვის. ისეთი სასტუმროები, იმყოფებოდა, სადაც დამსვენებლები იმყოფებოდნენ და ჯანდაცვის კრიტერიუმები დაკმაყოფილებული იყო, გადაკეთდა საკარანტინო სივრცედ. ნაწილი ორგანიზებულად გამოვიყვანეთ ეს ადამიანები სხვადასხვა საკარანტინო ზონებში გადანაწილდნენ. ადგილზე მობილიზებული გვყავს ტრანსპორტი მათთვის, ვინც სვანეთში საკუთარი ავტომობილის გარეშეა, ხოლო ვინც საკუთარი ავტომობილით იმყოფება და საკარანტინო სივრცემდე ესაჭიროებათ გადაადგილება, ორგანიზებულად, ზედამხედველობით გადაგვყავს“, - აღნიშნა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, მესტიაში, 10 აგვისტოს კორონავირუსით ინფიცირების 17 შემთხვევა გამოვლინდა, ამიტომაც მთავრობის გადაწყვეტილებით, უშგულში, ლენჯერსა და დაბა მესტიაში გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდა.