მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მანიფესტი - რაზე მოაწერეს ხელი ჟურნალისტებმა?

ხელმოწერა მანიფესტზე

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მანიფესტი საფრთხისშემცველი მედიაგარემოს შესახებ აწერენ ხელს - ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოში მუშაობა. აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულა“ იუწყება. სწორედ, იქ მოეწერა ხელი მანიფესტს.

როგორც მანიფესტის ხელმომწერები აცხადებენ, 2020-2021 წლებში მედიაგარემო განსაკუთრებით დამძიმდა და კიდევ უფრო რთული გახდა ჟურნალისტებისთვის მუშაობა, რაზედაც პასუხისმგებელი მმართველი პარტიაა.

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მანიფესტი

„2020-21 წლებში საქართველოში მედიაგარემო ძალიან დამძიმდა. გახშირდა ჟურნალისტებზე სიტყვიერი თუ ფიზიკური თავდასხმები. სახელმწიფო არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოებას. მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები სიძულვილის ენით, აგრესიით და ბოიკოტით პასუხობენ მედიის კრიტიკულ კითხვებს. სახელმწიფო პროპაგანდის მანქანა კრიტიკულ მედიას პოლიტიკურ ოპონენტებად ნათლავს და მათ მიმართ შეუწყნარებლობას უწყობს ხელს. პოლიტიკურად პოლარიზებულ საზოგადოებაში მედიისადმი ასეთი დამოკიდებულება ახალისებს მორიგ თავდასხმებს. მიმდინარეობს პოლიტიკურად მოტივირებული სამართალწარმოება მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ. მაუწყებლობის მარეგულირებელი ორგანო პოლიტიზებულია და ცენზურის დაწესებას ცდილობს,

ჩვენ, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებ უმაღლესი რანგის პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის წევრებს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს:

  • უზრუნველყონ ჟურნალისტებზე თავდასხმების სწრაფი გამოძიება და საზოგადოების ინფორმირება
  • შეწყვიტონ მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ წამოწყებული პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები
  • შეწყვიტონ აგრესიული რიტორიკა და სიძულვილის წახალისება მედიის წარმომადგენლების მიმართ
  • შეწყვიტონ კრიტიკული მედიის ბოიკოტი და აღადგინონ მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმი
  • შეწყვიტონ კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გამოყენება პოლიტიკური მიზნით

ვფიქრობთ, ამ მოთხოვნების შესრულება ხელს შეუწყობს საზოგადოებაში პოლარიზაციის შემცირებას, განმუხტავს დაძაბულობას და გააუმჯობესებს მედიაგარემოს", - ვკითხულობთ მანიფესტში.

გარდა ამისა, ქუთაისში ჟურნალისტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტ ვახო სანაიას მხარდაჭერა გამოუცხადეს და მასზე განხორციელებული თავდასხმა დაგმეს.

მათი განმარტებით, მედიის წარმომადგენელზე თავდასხმა არის ძალადობა ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებზე და ხელისუფლება ვალდებულია, უზრუნველყოს ადამიანების დაიცვა.

ინფორმაციისთვის, ჟურნალისტ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტ ვახო სანაიას და მის ოჯახს 3 ადამიანი დაესხა თავს. აღნიშნულ ფაქტს, აშშ-ის საელჩოც გამოეხმაურა.

ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმის საქმეზე დაკავებულ სამ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.