მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მერიამ ვარკეთილის მეტროს დიზაინის ყველა პროექტი დაიწუნა 

თბილისის მერი

თბილისის მერიამ ვარკეთილის მეტროს დიზაინის ყველა პროექტი დაიწუნა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, წარმოდგენილი პროექტები არ შეესაბამებოდა თბილისის მერიის მიერ წარმოდგენილ მოთხოვნებს.

„ვარკეთილის მეტრო სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ვერანაირად ვერ მოხდა დიზაინის შერჩევა. გვყავდა გამარჯვებული კომპანია, რომელმაც რამდენიმე ვარიანტი წარმოადგინა, თუ როგორ უნდა გაკეთებულიყო ვარკეთილის მეტრო. თუმცა ის არის დაწუნებული, რადგან არ შეესაბამებოდა იმ მოთხოვნებს, რომელიც ჩვენი მხრიდან იყო გაჟღერებული. შესაბამისად, მინდა ვთხოვო და მოვუწოდო დარგის სპეციალისტებს, დიზაინერებს, ვისაც სურვილი აქვს, ჩაერთოს და დაგვეხმაროს ამ კონკრეტული პროექტის განხორციელებაში. ვიცი, რომ თბილისს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს. დარწმუნებული ვარ, ვარკეთილის მეტროსადგური ერთ-ერთი ულამაზესი და საუკეთესო იქნება“,- განაცხადა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

გარდა ამისა, თბილისის მერის ინფორმაციით, დაწყებულია მეტროსადგურების განახლების პროცესი.

„ძალიან მალე თბილისს ახალი ევროპული ტიპის ვაგონები ეყოლება. ბევრი მეტროსადგური საჭიროებს რეაბილიტაციას, რადგან ვესტიბიული, ქვედა ბაქანი უმძიმეს მდგომარეობაშია“,- აღნიშნა კახა კალაძემ.