მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეუფე ნიკოლოზი: სასულიერო პირები შევთანხმდით, რომ დავით გარეჯზე განცხადებებს არ გავაკეთებთ

კუმურდოს მიტროპოლიტი 2020

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, სასულიერო პირები შეთანხმდენენ, რომ დავით გარეჯის საკითხზე კომენტარს არ გააკეთებენ.

„ამ თემაზე კომენტარს არ გავაკეთებ. მიმაჩნია, რომ საუბარი საჯარო სივრცეში ასეთი სახით და ასეთი ფორმით, ეს არის რაღაც გაუგებარი, უცნაური თამაში, რომელსაც ჩვენ, მოსახლეობა, როგორც პოლიტიკური ცხვრები, მივყვებით. მე არ მსურს, ვიყო პოლიტიკური ცხვარი, მინდა, ვიყო ქრისტეს ცხვარი და ამიტომ შეწყდეს ამ თემაზე საუბარი, ეს არის ჩემი მოწოდება.

ჩვენ, სასულიერო პირებს, გვაქვს შეთანხება, რომ არ არის სწორი ვაკეთოთ საჯარო პოლიტიკური განცხადებები და საჯარო პოლიტიკური მხარდაჭერა ან წინააღმდეგობა გამოვუცხადოთ, ეს არ მიმაჩნია მართებულად“, – აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს საკუთრებაა.

„დავით გარეჯის საკითხზე ჩემი ან თქვენი საუბრით გარეჯს არც არაფერი მოემატება და არც არაფერი მოაკლდება, გარეჯი არის საქართველო, გარეჯი არის ჩვენი და მიმაჩნია, რომ ამდენი საუბარი ასეთ სატელევიზო სივრცეში ჯადოსნური ხელის ქნევაა“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

⭕ ინფორმაციისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ბრალდებით არიან დაკავებული.

⭕ საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

⭕ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულები პატიმრობაში რჩებიან.