მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეუფე შიო: დამღუპველია მოსაზრება, რომ ყველა ადამიანს თავისი ჭეშმარიტება აქვს 

პატრიარქის თანამოსაყრდე 2020

„დღეს უკვე დამკვიდრდა ასეთი აზრი, რომ ყველა ადამიანს თავისი ჭეშმარიტება აქვს - ეს ძალიან დიდი შეცდომა და დამღუპველი ცდომილებაა“,- ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის თანამოსაყდრემ მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ქადაბებისას აღნიშნა. 

მან მრევლს გიორგობის დღესასწაული მიულოცა და კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევა გადასცა.

მეუფე შიომ ჭეშმარიტების არსზე ისაუბრა.

„წმინდა გიორგი იმდენად ძვირფასია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერისთვის, რომ ჩვენს სახელმწიფო გერბზეც არის გამოსახული, როგორც ერთგვარი სიმბოლო ჩვენი ერისა. დღეს ვფიქრობთ, რა თვისებებით განდიდდა ჩვენს ქვეყანაში, მეხსიერებასა და წმინდა ეკლესიაში. ვიხსენებთ მის ცხოვრებას, წამებას. პირველ რიგში ალბათ იმით, რომ მან ჰპოვა ჭეშმარიტი გზა.

როდესაც დიოკლეტიანემ გამოაცხადა დევნა ქრისტიანებზე, მაშინ წმინდა გიორგი იყო მხედართმთავარი, მისი დაცვის წევრი. ის უშიშრად გამოცხადდა სენატში და საჯაროდ აღიარა თავისი ქრისტიანობა - „მე მწამს ჭეშმარიტება, მე ვემსახურები ჭეშმარიტებას და მზად ვარ, მოწამეობრივად აღვესრულო ჭეშმარიტებისთვის“. იქ ერთ-ერთმა წარჩინებულმა ჰკითხა, რა არის ჭეშმარიტება? ეს კითხვა ისმის დღესაც - რა არის ჭეშმარიტება. როგორ უპასუხა წმინდა გიორგიმ - ჭეშმარიტება არის თავად უფალი იესო ქრისტე, რომელსაც იგი ემსახურება. ამისთვის განდიდდა წმინდა გიორგი, რომ მან ჰპოვა ჭეშმარიტება, ემსახურა მას.

დღეს უკვე სამწუხაროდ დამკვიდრდა ასეთი აზრი, რომ ჭეშმარიტება ერთი არ არის, არამედ მრავალნაირია, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი ჭეშმარიტება, თავისი სიმართლე - ეს ძალიან დიდი შეცდომაა და ძალიან დამღუპველი ცდომილებაა, სინამდვილეში ჭეშმარიტება ერთია.

როდესაც ადამიანური სიმართლე ამ ჭეშმარიტებას ეწინააღმდეგება, ეს უკვე სიმართლე აღარ არის, არამედ სიცრუეა. გამოდის, რომ ადამიანები ემსახურებიან ღმერთის ჭეშმარიტების ნაცვლად ადამიანურ სიმართლეს, რომელიც სულაც არ არის სიმართლე.

საიდან წარმოიშვა ეს და ვის ცნობიერებაში გაჩნდა ეს აზრი?- იმათი, ვინც უარყვეს ღმერთი თავის ცხოვრებაში და ცდილობენ, საზოგადოებრივი ცხოვრებიდანაც უარყონ და გააძევონ ღმერთი. მათ წარმოშვეს ასეთი აზრი, რომ ჭეშმარიტება არ არის ერთი, არამედ მრავალნაირია და ყველას შეიძლება ჰქონდეს თავისი ჭეშმარიტება.

დღეს ჩვენ ვფიქრობთ, რატომ არის ჩვენი ერისთვის ამდენად მნიშვნელოვანი წმინდა გიორგი? იმიტომ რომ ჩვენი ერიც, ქართველი ხალხი ყოველთვის ამ ჭეშმარიტებას იცავდა, ჭეშმარიტების გზით დადიოდა, ამიტომ არის წმინდა გიორგი ჩვენთვის ძალიან ძვირფასი და ახლობელი, ამიტომ მფარველობდა ჩვენს ქვეყანას ყოველთვის. როდესაც იგი ბორბალზე აწამეს, მას ზეციდან მოესმა ხმა, ნუ გეშინია გიორგი, მე შენთან ვარ. ჩვენს ერს ყოველთვის ესმოდა ეს ხმა - ნუ გეშინიათ, მე თქვენთან ვარ. ამიტომ გავუძელით ჩვენ, ამიტომ მოვედით აქამდე, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვიცავდით ჭეშმარიტებას და ვემსახურებოდით მას“,- აღნიშნა მეუფე შიომ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔅მართლმადიდებლური ეკლესია გიორგობას აღნიშნავს

🔅პატრიარქი: წმინდა გიორგის მადლი და ლოცვა-კურთხევა შეგეწიოთ