მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მეუფე თეოდორე: ერთი ბარძიმიდან ზიარება ცალსახა გადაწყვეტილებაა და ასე დარჩება

ახალციხის მიტროპოლიტი

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა სადღესასწაულო წირვის შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა.

მეუფე თეოდორემ აღნიშნა, რომ ერთი ბარძიმიდან ზიარება თავად მაცხოვარმა დააწესა და ეს წესი მართლმადიდებელ ეკლესიაში არ შეიცვლება. რაც შეეხება ჰიგიენის დაცვას და სპეციალისტთა რეკომენდაციებს, ისინი მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული. მეუფემ აღნიშნა, რომ სველი წესით ისედაც სუფთავდებოდა ტაძრები, თუმცა კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, ამას დეზინფექციაც დაემატა.

"მსოფლიოს ჭირდება კურნება, ნებისმიერი განსაცდელი და მათ შორის ესეც, უფლისგან მოდის. ერთმანეთის მიმართ სიყვარული მინელდა თითქოს, მოგიწოდებთ ყველას, რომ ვიზრუნოთ ერთმანეთზე, დავიცვათ და გვიყვარდეს ერთმანეთი. ზიარების შემდეგ სიტკბოებიდან ჯერჯერობით თავს შევიკავებთ, ან ვისაც თავისი ჭურჭელი ექნება იმას მივცემთ, შეიძლება ერთჯერადი ჭიქა მოვიტანოთ და ამით დარიგდეს, რომ არ იყოს ვინმესთვის დამაბრკოლებელი. ზიარება კი ცალსახა გადაწყვეტილებაა და ასე დარჩება. ეს არ არის ჩვეულებრივი ღვინო და პური, ეს არის სისხლი და ხორცი უფლისა, ზიარებით თავად იესო ქრისტე შემოდის ჩვენში და არ შეიძლება უფალმა რაიმე ვირუსი შეიტანოს ადამიანში, უფალს შეაქვს სიწმინდე, კურნება სულისა და ხორცისა", - აღნიშნა მეუფე თეოდორემ.

დღევანდელ წირვაზე, ზიარება მხოლოდ ბარძიმიდან მოხდა და სიტკბოება არ გაცემულა. მომავალი კვირიდან მრევლს მიეცა ლოცვა-კურთხევა, რომ ღვინო (სიტკბოება) პირადი ჭიქით მიიღონ, ან იმ ერთჯერადი ჭიქებიდან, რომელიც ეკლესიას ექნება.