მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„მითხრა, რომ კარგად დამემახსოვრებინა მისი სახე“ - ვახო სანაია თავდასხმის დეტალებზე

ვახო სანაია

ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი ვახო სანაია ჟურნალისტთან საუბრისას მასზე თავდასხმის დეტალებს იხსენებს.

„წუხელ, დაახლოებით 1-ის ნახევარზე ჩემი მეუღლე, ჩემი შვილი, ძიძა და ჩვენი ოჯახის კიდევ ერთი წევრი ჩამოვიდნენ თურქეთიდან და აეროპორტში დავხვდით მე და ჩემი რძალი.

იქიდან წამოვედით წყნეთის ქუჩაზე ვაკეში, დავტოვეთ ერთი ადამიანი, მაგრამ, ცენტრალურ გზაზე ვეღარ ვბრუნდებოდით, ჩვენი მანქანა ვერ ამოვიდა, მოყინული იყო და გამოვიძახეთ სამაშველო სამსახური.

პირველი საათზე ან უფრო გვიან, გამოჩნდა, სავარაუდოდ, იმ უბნელი 3 ადამიანი, მათგან ერთ-ერთი ჩემი მეუღლის ყოფილი მეზობელი იყო და მან იცნო. იგი ცდილობდა, რომ გამოვეწვიე, პროვოცირებდა, მე ყურადღებას არ ვაქცევდი,“ - აღნიშნავს სანაია.

ამის შემდეგ, მისი თქმით, სანაიაზე დაიწყო ფიზიკური თავდასხმა. თავდამსხმელები სანაიას და ზოგადად მედიას ლანძღავდნენ, სანაიას კი ერთ-ერთი მათგანი მოუწოდებდა, რომ მისი სახე კარგად დაემახსოვრებინა.

ვახო სანაიას ფიქრობს, რომ თავდასხმა, სწორედ, მისი პროფესიიდან გამომდინარე განხორციელდა.

„აგრესია ჰქონდათ ჩემს მიმართ, როგორც მედიის წარმომადგენლის მიმართ.

ბავშვი ეჭირა ძიძას მანქანაში, წლის და ორი თვის არის, ისტერიკულად ტიროდა, შეეშინდა და მაინც არ ჩერდებოდნენ,“ - აცხადებს იგი.

ჟურნალისტის თქმით, თავდამსხმელებმა ფიზიკური დაზიანება მის რძალსაც მიაყენეს.

იგი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს მადლობას უხდის, რადგან ჩაერივნენ ფიზიკურ დაპირისპირებაში და სანაია დაეხმარნენ მანქანაში დაბრუნებაში.

ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი - 1993 წელს დაბადებული ვ.გ., 1988 წელს დაბადებული გ.ს. და 1988 წელს დაბადებული ს.ს. თბილისში დააკავეს,- ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა განახორციელეს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის - 1985 წელს დაბადებული ვ.ს.-ს და მისი მეუღლის ნათესავის 1986 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს მიმართ.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, საქმეზე ჩატარებული გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამივე ბრალდებული დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აგრეთვე იხილეთ:

„ფორმულას“ ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმისთვის სამი პირი დააკავეს