მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნახევარ მლნ კუბს ვერ გაამაგრებენ“ - სეისმოლოგი ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ ფერდობზე

სეისმოლოგი თეა გოდოლაძე

„გერმანელმა სპეციალისტებმა მითხრეს, რომ მოსახლეობა ფრთხილად უნდა იყოს. ეს მითხრეს იმისთვის, რომ ეს გავაჟღერო“, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელმა თეა გოდოლაძემ ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ ფერდობზე მეწყრულ ნაპრალებსა და მიმდინარე პროცესების შესახებ საუბრისას განაცხადა. 

გოდოლაძის თქმით, მასა დაძრულია და მას ვერაფერი შეაჩერებს. სეისმოლოგი ამბობს, რომ საჭიროა მოსახლეობის ფრთხილად ყოფნა.

„მასა დაძრულია და მას ვერაფერი შეაჩერებს. ჩვენს გერმანელ კოლეგებთან ამ კუთხითაც კონსენსუსი გვქონდა. ვისაუბრეთ ყველა იმ კვლევასა თუ შედეგზე, რაც ამ ეტაპზე გვაქვს. ზუსტად ვიცით, რომ ეს საკმარისი არ არის, მაგრამ ხელჩასაჭიდია, რაც იმის თქმის საშუალებას გვაძლებს, რომ დიახ მასა მოძრაობს. ახლა მნიშვნელოვანია როგორ განვითარდება სცენარი. ჩვენი და გერმანელი ექსპერტების მოსაზრება აბსოლუტურად თანხვედრაშია“, - აღნიშნა გოდოლაძემ „ფორმულას“ ეთერში.

ჟურნალისტის კითხვაზე საჭიროა თუ არა ევაკუაცია, გეოლოგი აცხადებს, რომ ახლა ამ საკითხზე სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭო უნდა მსჯელობდეს.

„ახლა ამ ეტაპზე უნდა ისხდეს სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭო და ამ კუთხით უნდა განიხილავდეს ზომებს. რა ზომები უნდა გავატაროთ და სად წავა მოწყვეტილი მასა? ვინ დაზარალდება და ვინ არა. ეჭვი გვაქვს, რომ სისტემა წონასწორობაში თუ არ მოვიდა ის მთაც წამოვა, აღარაფერი აკავებს.

როცა მეუბნებიან, რომ გაამაგრებენ მე ამის არ მჯერა. ანაბანაა ჩვენს დარგში, რომ ნახევარ მლნ კუბს ვერ გაამაგრებენ ანკერით. რა ანკერები უნდა ჩაუყენოთ დაძრულ კუბ მასას, 16 გრადუსიან ფერდობზე? გერმანელმა სპეციალისტებმა მითხრეს, რომ მოსახლეობა ფრთხილად უნდა იყოს. ეს მითრეს იმისთვის, რომ ეს გავაჟღერო“, - აცხადებს თეა გოდოლაძე.

შეგახსენებთ, რომ ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა. შემთხვევის გამო შეზღუდულია მოძრაობა მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე.

თბილისის მერიის განცხადებით, ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე მეწყერსაშიში პროცესის გააქტიურების საკითხს გერმანიიდან მოწვეული სპეციალისტები შეისწავლიან.

🔴 „გეგმა უნდა არსებობდეს, არ ვართ დარწმუნებული, რომ ევაკუაცია საჭიროა ან არ არის საჭირო“ - სეისმოლოგი ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ ფერდობზე

🔴 „მასა მოწყვეტილია, შეიძლება აჩქარებით წამოვიდეს“ - სეისმოლოგი ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე