მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნათია თურნავა: აყენებენ პირობებს, მთავრობის წევრებზე ნაკლები რანგის მქონე ადამიანებთან საუბარი არ უნდათ

ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ეკონომიკის გამოცოცხლებას და მარტში ექსპორტის 31-პროცენტიანი ზრდა ამას ადასტურებს

„თუ მათ სურთ დიალოგი, ჩვენი კარი ღიაა“, - ასე ეხმიანება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი რიონის ხეობაში მიმდინარე საპროტესტო აქციას.

ნათია თურნავას განცხადებით, დიალოგი მოსახლეობასთან არ შეწყვეტილა და მათი მოთხოვნის საფუძველზე, კაშხლის მშენებლობა 12 თვით შეჩერდა. მისივე განმარტებით, მიმდინარე კვლევების დასკვნა სამინისტროს უკვე გადაეცა და უახლოეს დღეებში ექსპერტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება. მათ შორის კი ადგილობრივი მოსახლეობის ნდობით აღჭურვილი ექსპერტებიც იქნებიან, რომელთა რეკომენდაციებს, მინისტრის თქმით, კომპანია აუცილებლად გაითვალისწინებს.

„დიალოგი არასდროს შეგვიწყვეტია. ჩვენ არათუ მზადყოფნას გამოვთქვამთ, რომ გავაგრძელოთ შეხვედრები, განმარტებები, არამედ ეს პროცესი ისევ მიმდინარეობს. პირველი წუხილი, რაც იყო დაკავშირებული ეკოლოგიასა და უსაფრთხოებასთან, ჩვენ ვაიძულეთ კომპანია, რომ კაშხლის მშენებლობა 12 თვით გადაედო და ახლა მთელი თავისი კვლევები ჩვენ გადმოგვცა. ამ დღეებში ვხვდებით არასამთავრობო სექტორს, მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობის ნდობით აღჭურვილ ექსპერტებს, გადავცემთ ამ კვლევებს. და ველოდებით, რომ მაისის ბოლოს, კვლავ მოგვიბრუნდებიან უკვე გაუმჯობესებული წინადადებებით, რომლებსაც კომპანია გაითვალისწინებს“,- განაცხადა თურნავამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, აქტივისტები ულტიმატუმის ენით საუბრობენ და მთავრობის წევრებზე დაბალი რანგის პირებთან დიალოგზე არ თანხმდებიან. ნათია თურნავას თქმით, ქუთაისში გამართული შეხვედრისგან სრულიად განსხვავებული მოლოდინი ჰქონდათ, რადგან მოწვეულნი იყვნენ დარგის სპეციალისტები, რომლებიც უფრო კომპეტენტურ პასუხს გასცემდნენ დაინტერესებულ პირებს.

„აუცილებლად მინდა გამოვეხმაურო აქტივისტების პოზიციას. აყენებენ პირობებს, როგორც ვხვდები, მთავრობის წევრებზე ნაკლები რანგის მქონე ადამიანებთან საუბარი არ უნდათ. ჩვენი შეხვედრა, რომელიც ორი მინისტრის თანდასწრებით მიდიოდა და ათამდე სხვადასხვა დარგის სპეციალისტი და მინისტრის მოადგილე ჩავედით ქუთაისში და გვქონდა მოლოდინი, რომ საქმიანი დიალოგი გვექნებოდა. საქმიანი დიალოგი არ ნიშნავს მაინც და მაინც მთავრობის წევრებისაგან პასუხის მოსმენას. ეს ნიშნავს, რომ, მაგალითად, გეოლოგიის საკითხებზე ისაუბროს მერაბ გაფრინდაშვილმა, რომელიც არის ქვეყნის მთავარი გეოლოგი და არა პირობითად - ნათია თურნავამ.

როგორც ჩანს, მეორე მხრიდან რაღაც სხვა მოლოდინი იყო ამასთან დაკავშირებით. თუ მათ სურთ დიალოგი, ჩვენი კარი ღიაა. გააგრძელონ ამ მიმართულებით დიალოგი და ნუ გადაიტანენ საკითხს პოლიტიკურ სივრცეში“,- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

აგრეთვე იხილეთ:

📌„ჩვენი კითხვების ადრესატი მერაბ ლომინაძე არ არის“ - ვარლამ გოლეთიანი დიალოგის შეთავაზებაზე