მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პაატა იმნაძე: გარდაცვლილ ადამიანებზე პროცენტებით საუბარი ძნელია, ვინც თვლა იცის, თვითონ დათვალოს

NCDC-ის დირექტორის მოადგილე

დღეს, 30 სექტემბერს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ აჭარაში გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში და რეგიონში არსებულ ეპიდვითარებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, აჭარა საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზეა.

„ეპიდვითარების დასტაბილურების პირველი ნიშნები გამოიკვეთა, თუ ასე გაგრძელდა შესაძლოა მივაღწიოთ სასურველ შედეგს. ამის ერთ-ერთი ნიშანია ის, რომ არ ხდება შემთხვევების ნახტომისებური მატება“, - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, ამ ყველაფერზე გავლენა იქონია საზოგადოების მხრიდან რეგულაციების დაცვამ და ჯანდაცვის სისტემის გამართულმა მუშაობამ.

პაატა იმნაძემ ასევე ისაუბრა კორონავირუსით გარდაცვლილ პაციენტებზე.

„ყველა პაციენტის გარდაცვალება ტრაგედიაა. ნებისმიერის ოჯახისთვის ეს არ არის რიცხვები და პროცენტული მაჩვენებელი. ძალიან ძნელია ადამიანების სიცოცხლეზე პროცენტებით საუბარი, მაგრამ ვინც თვლა იცის დათვალოს“, - დასძინა პაატა იმნაძემ.

შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით პაატა იმნაძემ აღნიშნა, რომ ამ რაოდენობით მობილობას ასეთი ზრდა თუ არ მოჰყვებოდა ეს იქნებოდა გასაკვირი.

„მოწოდება „დარჩი სახლში“ იმ ადამიანებისთვისაა, ვისაც აქვს ჯანმრთელობის რისკები. დანარჩენებს, რა თქმა უნდა ეს მოწოდება არ ეხებათ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა მიმდინარე წლის 26 თებერვალს დადასტურდა.