მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პანკისის ხეობაში დაპირისპირებულმა ახალგაზრდებმა შეთანხმებას მიაღწიეს

საპროტესტო აქცია დასრულდა

პანკისის ხეობის სოფელ დუისისსა და მატანში მცხოვრებმა დაპირისპირებულმა ახალგაზრდებმა შეთანხმებას მიაღწიეს. ისინი ერთ საათში შერიგების პროცესს დაიწყებენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ნაცემია ორი პირი, მათ შორის, მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმა, რომელიც ინციდენტის მონაწილე არ არის. ის ახმეტიდან დუისისკენ გადაადგილებას ცდილობდა, რა დროსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ მის ძმას, თავის არეში დაზიანებები აქვს მიყენებული.

„ჯერ იყო, შვილი მომიკლეს, ძმისშვილი დამიპატიმრეს, ახლა ამას სცემეს უდანაშაულოდ. ყველა მე მერჩის. არ ვაპატიებ ამ ამბავს“,- განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

რაც შეეხება, მეორე ნაცემ ახალგაზრდას, ის, ტვინის შერყევის დიაგნოზით, თელავში, ყამბარაშვილის კლინიკაში მკურნალობს. სოფელ მატანში, ახალგაზრდების შეკრების ადგილას მხოლოდ პოლიცია იმყოფებოდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიდან შეკრებაზე არავინ გამოჩენილა. სოფელ დიუსში, ადგილობრივი ქისტები ამბობენ, რომ პროცესი შერიგებით უნდა დასრულდეს.

„გუშინ მორიგდნენ და დაიშალნენ. დღეს წესით აღარ უნდა შეკრებილიყვნენ. ეს ამბავი, აუცილებლად შერიგებით უნდა დასრულდეს“,- განაცხადეს ადგილობრივებმა.

დაპირისპირება დუისელ ქისტებსა და სოფელ მატანში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის, ავტომანქანით მაღალი სიჩქარით გადაადგილებას მოჰყვა, რა დროსაც ნასვამ მდგომარეობაში ახალგაზრდებმა, პანკისის ხეობაში ქათამი გაიტანეს. ურთიერშელაპარაკება, ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ნაცემია ორი ახალგაზრდა. დაწყებულია თუ არა, მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება, ჯერჯერობით ამ საკითხზე კომენტარი არ კეთდება.