მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფერმერები სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პროგრამებით შეუფერხებლად სარგებლობენ

ანტიკრიზისული პროგრამით ფერმერები სარგებლობენ

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერები და მეწარმეები სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან მხარდაჭერას იღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

24 ივლისის მონაცემებით: სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 115,000-ზე მეტ ფერმერს უკვე დაერიცხა აგროქულები. დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 21 მლნ ლარს აჭარბებს. აგროქულების დარიცხვა გრძელდება.

აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით, უკვე 106,000-ზე მეტმა ბენეფიციარმა 28,000 ტონაზე მეტი მოცულობის აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები მიიღო. იმ ფერმერებმა, რომლებმაც უკვე გაანაღდეს ფასდაკლების ბარათები, ჯამურად, 3 მლნ ლარზე მეტი დაზოგეს.

„აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 2020 წლის ივლისის თვის მონაცემებით, სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემული პოლისების რაოდენობა 15,422-ს შეადგენს, დაზღვეულია 15,000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24 %-ით მეტია. დაზღვეული მოსავლის ღირებულება 140 მლნ ლარს აღემატება. მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, კახეთის, სამეგრელო და ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონიდან შემოსულია 1000-ზე მეტი განაცხადი. შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით, ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფისათვის, სახელმწიფო 6 თვის საპროცენტო განაკვეთს სრულად ფარავს. გაცემულია 1528 აგროსესხი, სესხის თანხა, ჯამურად, 28 მლნ ლარს აჭარბებს, მათ შორის, სააგენტოს მიერ პროცენტის გასაცემი თანადაფინანსება 2,2 მლნ ლარს აჭარბებს“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის პირობებთან შესაბამისობაშია წარმოდგენილი 380-ზე მეტი განაცხადი. აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 10 მლნ ლარს.