მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ, აგრობარათით სასოფლო-სამეურნეო საქონელი მიიღონ

მომსახურება აგრობარათით

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ფერმერებისათვის აგრობარათების დარიგების პროცესს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი კახეთის მხარის რწმუნებულთან,  ირაკლი ქადაგიშვილთან  ერთად თელავის მუნიციპალიტეტში გაეცნო.

"ფერმერებს აქვთ  შესაძლებლობა, „სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების“  სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული დახმარებით ისარგებლონ. სახელმწიფო ფერმერებისათვის ხვნის მომსახურებისა და სასოფლო-სამეურნეო საქონლის ღირებულების სუბსიდირებას ახორციელებს, რაც, პანდემიით შექმნილ ვითარებაში, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. პროგრამის მონაწილეები დარიცხული ქულებისა და ბარათის მიღების თარიღის შესახებ ინფორმაციას  ვებგვედზე myliberty.ge იღებენ, შესაბამისად, ბარათების გაცემის პროცესი ორგანიზებულია და შეუფერხებლად მიმდინარეობს",- აღნიშნა ილია თამარაშვილმა.

მხარის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ახლა სწორედ ის პერიოდია, როდესაც ფერმერები  აქტიურად არიან ჩართული  სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და მათთვის სახელმწიფოს მხარდაჭერა და იმ სიკეთეებით სარგებლობა, რასაც პროგრამები ითვალისწინებს, განსაკუთრებით საჭიროა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 20 მაისიდან, ეტაპობრივად მიმდინარეობს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების“ პროგრამით გათვალისწინებული ქულების დარიცხვა ლიბერთის ბანკის აქტიური ანგარიშის მქონე ბენეფიციარებისათვის, ეტაპობრივად ხდება ბანკის მიერ აგრობარათების დარიგებაც.  ფერმერებს უკვე შეუძლიათ დარიცხული ქულებით სასოფლო-სამეურნეო საქონლის შეძენა სპეციალიზებულ მაღაზიებში.

პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად საჭიროა, ფიზიკურ და იურიდიული პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში  რეგისტრირებული 0.25-დან 10 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. სუბსიდიის მოცულობა 1 ჰექტარ მიწაზე განისაზღვრა, აგრობარათზე დარიცხული 200 ქულით.  1,25-დან 10 ჰა მიწის ნაკვეთის მფლობელებსა და თანამესაკუთრეებს ხვნის მომსახურების მიღება სოფლის მეურნეობის ლოგისტიკისა და სერვისების კომპანიის სერვისცენტრებში შეუძლიათ. ხვნის მომსახურების საფასური 1 ჰა-ზე აგრობარათზე დარიცხული 150 ქულაა.

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების“ სახელმწიფო პროგრამით 200 000-ზე მეტი ფერმერი ისარგებლებს. პროგრამის ბიუჯეტი 37  მილიონ ლარს შეადგენს.