მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პირველი დეკემბრის მიმოხილვა

დღის მიმოხილვა, 1 დეკემბერი 2020 წ.

ახალი ამბების სააგენტო PIA.GE გთავაზობთ პირველი დეკემბრის მნიშვნელოვანი ამბების მოკლე მიმოხილვას.

 

🛑 ცესკოს პრესსპიკერმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ანა მიქელაძე სოციალურ ქსელში წერს.

„გიდასტურებთ, რომ პირადი გადაწყვეტილებით, დღეიდან უკვე ოფიციალურად აღარ ვარ ცესკოს თანამშრომელი“, - წერს ანა მიქელაძე.

🛑 თბილისში დააკავეს პირი, რომელიც შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საკუთარ არასრულწლოვან შვილებს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, მოწყალების თხოვნის გზით თანხის შეგროვებას და მისთვის გადაცემას აიძულებდა.

🛑 ასლან ბჟანია: ქართველები ენგურჰესის შეკეთებას გეგმავენ, რის გამოც აფხაზეთს ელექტროენერგია არ ექნება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას განცხადებით, ქართული მხარე ენგურჰესის რემონტს გეგმავს და სწორედ ამიტომ აფხაზეთს ელექტროენერგია არ ექნება.

როგორც გამოცემა ekhokavkaza წერს, დე ფაქტო პრეზიდენტმა ქალაქებისა და რაიონების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიის მიღების საკითხზე ესაუბრა.

🛑 ეპიდვითარება საქართველოში - ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდინფექცია კიდევ 3 759 ადამიანს დაუდასტურდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.

ამავე მონაცემების თანახმად, ქვეყანაში კორონავირუსის დამარცხება კიდევ 3 574 -მა ადამიანმა შეძლო.საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის 139 343 შემთხვევაა გამოვლენილი.

🛑 Covid 19-ის თრომბოზული გართულებები და ე.წ. სისხლის შედედება - ექიმის განმარტება

Covid19-ის თრომბოზულ გართულებებზე და ანტიკოაგულაციაზე (სისხლის შედედებაზე) დაგროვილი კითხვების ანალიზის შედეგად აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი განმარტებას აკეთებს.

ექიმის თქმით, აქტუალურ საკითხებზე გზამკვლევის შემუშავება პაციენტებს კორონავირუსთან ბრძოლას გაუადვილებს.

ნანა გეგეჭკორი ამბობს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც დაავადების მძიმე ფორმა უვითარდებათ, შეიძლება აღენიშნებოდეს კოაგულაციის (ე.წ. სისხლის შედედების) დარღვევები.

🛑 შეიარაღებული თავდასხმა თბილისის ზღვის ჰოსპიტალზე

თბილისის ზღვის ჰოსპიტალზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.

შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა და სავარაუდოდ ჰოსპიტალში ორი შეიარაღებული პირი შეიჭრა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ისინი დაცვის თანამშრომლების მისამართით ისროდნენ. დაცვის თანამშრომელს ტყვია არ მოხვედრია.

🛑 რა სამუშაოები ეკრძალებათ 18 წლამდე ასაკის პირებს - მინისტრის ბრძანება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალი განსაზღვრა, რომელთა შესრულებაც 18 წლამდე ასაკის პირებს ეკრძალებათ. ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.

🛑 ალეკო ელისაშვილი: მართლმსაჯულება თუ შეიცვლება, პარლამენტში კი არა კოცონში შევალ სიმღერით

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელია - გაიმართოს რიგგარეშე არჩევნები, შეცვლილი საარჩევნო კოდექსით და განახლებული საარჩევნო ადმინისტრაციით.

🛑 ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ინდონეზიაში ერთდროულად რამდენიმე ვულკანი ამოიფრქვა, რის გამო ქვეყნის ხელისუფლებამ ათასობით ადამიანის ევაკუაციის განხორციელების გადაწყვეტილება მიიღო. თავდაპირველად ვულკანი ერთი კვირის წინ ამოიფრქვა და დღეს ისევ გააქტიურდა.

🛑 Pfizer და BioNTech-ის კომპანიები ევროკავშირს ვაქცინის გამოყენების დაშვებისკენ მოუწოდებენ

გერმანიის BioNTech და აშშ-ის Pfizer-ის ფარმაცევტული კომპანიები ევროკავშირს ნებართვა მოსთხოვეს ვაქცინის გამოყენების დაწყება ევროპის ქვეყნებში. მათ უკვე მოითხოვეს ნებართვა აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციასა და დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელ სააგენტოსთან. აგრეთვე საკითხის მიმოხილვა დაიწყეს სხვადასხვა ქვეყანაში.

🛑 თამარ გაბუნია: რეგულირების სააგენტომ 19 წლის პაციენტის გარდაცვალების საკითხის შესწავლა დაიწყო - „ყველა დეტალს, რომელიც ამ შემთხვევას უკავშირდება, სამინისტრო შეისწავლის. შეისწავლის, უკავშირდება თუ არა იმას, რომ რომელიმე ეტაპზე, რაიმე სახის ჩარევა დაგვიანდა.

🛑 იაგო ხვიჩია: მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა პარლამენტში შესვლად ღირს - პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრის იაგო ხვიჩიას განცხადებით, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა ის საკითხია, რომლის სანაცვლოდაც ოპოზიციის პარლამენტში შესვლა ღირს, თუმცა „გირჩი“ მმართველ გუნდს არ ენდობა.

🛑 ლარი გამყარდა - ეროვნული ბანკის ცნობით, პირველი დეკემბრის ვაჭრობის შედეგადაშშ დოლარი გაუფასურდა და 3.3185 ლარი შეადგინა.

🛑 ბათუმში აქციაზე 4 პირი დააკავეს - ბათუმში, მთავრობის სახლთან, ოპოზიციის აქციაზე სამართალდამცველებმა აქტივისტები დააკავეს.

🛑 საქართველოში ტაქსი გაძვირდა - როგორი ფასებია სხვა ქვეყნებში? - საქართველოში, დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების აკრძალვის გამო, ტაქსით მგზავრობის საფასური, ფაქტობრივად, გაორმაგებულია.

🛑 ნიკა მელია: „ქართულ ოცნებას“ ადრე თუ გვიან, კომპრომისზე წამოსვლა მოუწევს - „გამოსავალი არის პრინციპულობა, პრინციპულობა და პრინციპულობა, რომელიც არსებობს“, - აღნიშნავს ენმ-ის წევრი.