მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რა დამალევინეს ამნაირი, რომ თავის ტკივილით ვკვდებიო“ - რას ყვება მეგი ბაქრაძის დედა

მეგი ბაქრაძის დედა

გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის დედა ირმა ბაქრაძე ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ მის შვილს სამედიცინო პერსონალმა ვაქცინაციამდე მედიკამენტი მისცა, რომლის გამოც ექთანს თავის ტკივილი აწუხებდა. 

მისი თქმით, ახალგაზრდა მედდას ვაქცინაციამდე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ ჰქონია.

„ჩემი შვილი იყო ჯანმრთელი. მთელი ციცოცხლის განმავლობაში 4 ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, ორი საკეისრო, ბავშვობაში - ბრმა ნაწლავის და გლანდების.

კორონავირუსი თუ ჰქონდა, აქ ამხელა ოჯახია, ფეხმძიმე რძალი ჰყავს, პატარა ბავშვები, მოხუცი დედამთილი და როგორ არ გადაედო.

თუ ასეთი გადამდები არ არის კორონა და ასე ადვილად იკურნება, არავის არ ედება, მაშინ რატომ არის ამხელა ამბავი კორონაზე?

ვიღაცამ მისცა ის ორი აბი, მელაპარაკა ტელეფონით, მაგრამ ვინ მისცა და რა იყო ის აბი - ესეც არ ვიცით. დალია ეგ და მერე დაეწყო თავის ტკივილები. რა დამალევინეს ამნაირი, რომ თავის ტკივილი მკლავსო, თავი ტკიოდა და იმ წამლისგან იყო თუ რა იყო, არ ვიცი“, - აღნიშნა ირმა ბაქრაძემ.

ინფორმაციისთვის, მეგი ბაქრაძემ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა 18 მარტს, ახალციხის „იმედის“ კლინიკაში გაიკეთა, რის შემდეგაც კომაში ჩავარდა.

იგი, წინასწარი მონაცემებით, ვაქცინაციის მძიმე გვერდითი მოვლენის, ანაფილაქსიური შოკის განვითარების გამო გარდაიცვალა.

ექთანს თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდნენ.

ექთნის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო იკვლევს, მისთვის გაწეულ სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებით რეგულირების სააგენტო აწარმოებს მოკვლევას.

ოჯახი საქმეზე ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. ადვოკატის თქმით, დასადგენია უნდა ჩატარებულიყო თუ არა ვაქცინაცია და რამდენად სწორი და დროული იყო სამედიცინო დახმარება, რომელიც „იმედის“ კლინიკაში ექთანს გაუწიეს.

23 მარტს მეგი ბაქრაძე მშობლიურ სოფელ ენთელში დაკრძალეს.