მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა გახდა ყვავის ადამიანზე თავდასხმის მიზეზი და არიან თუ არა ისინი საშიშები

ყვავმა ადამიანები დაკორტნა

თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე განმარტავს, რომ ყვავის ადამიანზე თავდასხმის შემთხვევა ყოველ წელს ხდება, ზუსტად ამ დროს.

მისი თქმით, ყვავის ბახალები ამ პერიოდში იწყებენ ფრენას. თუმცა, წარუმატებლობის შემთხვევაში, როდესაც ბახალა აფრენის დროს ან ბუდიდან ვარდება დაბლა, ყვავი იწყებს მათ დაცვას. ასეთ შემთხვევაში კი, როდესაც ბახალასთან ვინმე ახლოს გაივლის, ყვავი თავს ესხმის.

"ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, ეტყობა წელს განსაკუთრებული ყურადღება მიექცა. ყოველ წელს, ამ პერიოდში ასეთი შემთხვევები ხდება, რადგან ახლა არის პერიოდი, როდესაც ყვავის ბახალები იწყებენ ფრენას, სწავლობენ, ზოგ შემთხვევაში მათი ცდა წარუმატებელია ხოლმე, ისინი ბუდიდან ვარდებიან, შემდეგ იქვე იმალებიან და ინაბებიან, მშობლები კი მათ იცავენ აქტიურად. თუ ასეთ შემთხვევაში ვინმემ მასთან ახლოს გაიარა, ისინი თავს ესხმიან, რომ გააგდონ თავიანთი ნაშიერისაგან. რა თქმა უნდა ეს სასიამოვნო ფაქტორი არ არის, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული", - აღნიშნა ზურაბ გურიელიძემ.

კითხვაზე, რამდენად საფრთხის შემცველია ყვავის ადამიანზე თავდასხმა, ზურაბ გურიელიძე პასუხობს:

"როდესაც სახეში დაგეჯახება დიდი ზომის ფრინველი, სასიამოვნო არ არის, შეიძლება მცირე ზომის ჭრილობაც მოგაყენოს, მაგრამ სახიფათო არ არის. საუკეთესო შემთხვევაა, თუ დაინახავს ადამიანი, რომ ყვავი მისკენ მოდის, უნდა დახაროს მაქსიმალურად თავი ქვევით და სახეზე აიფაროს ხელები. როგორც კი ადამიანი გაცდება მათ ტერიტორიას, ისინი თავს დაანებებენ. ისინი მხოლოდ ერთ კონკრეტულ ტერიტორიას იცავენ ხოლმე, სადაც მათი ბახალაა", - განაცხადა ზურაბ გურიელიძემ "მაესტროს" ეთერში.