მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რა სახის დახმარებას სთავაზობს მთავრობა მოქალაქეებს - სრული ჩამონათვალი

მთავრობის ადმინისტრაცის შენობა

საქართველოს მთავრობა პანდემიის დროს, ეკონომიკურად დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას განაგრძობს. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ახალი სოციალური პაკეტები წარადგინა.

200 ლარიანი დახმარება

პრემიერის ინფორმაციით, ერთჯერად დახმარებას ბავშვები და მოზარდები სასწავლო წლის დაწყებამდე და სწავლის პროცესში მიიღებენ.

„ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური დახმარება კრიზისში. საქართველოს ყველა მოქალაქე ბავშვი, 18 წლამდე სახელმწიფოს მხრიდან მიიღებს 200 ლარიან დახმარებას ერთჯერადად“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

სტუდენტების დახმარება

გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა სოციალურად დაუცველ და სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს 2020-2021 სასწავლო წლის ერთი სემესტრის საფასურს დაუფინანსებს.

„სოციალურად დაუცველი სტუდენტები, რომელთა ქულა 150 000-მდეა, სახელმწიფოსგან 2020-2021 სასწავლო წლის ერთი სემესტრის სრულ ანაზღაურებას მიიღებენ და ასევე ამავე ქულათა ოდენობის მქონე სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს მთავრობა ერთი წლის სწავლის საფასურს გადაუხდის“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

300 ლარიანი დახმარება

პრემიერ-მინისტრის თქმით, 300 ლარიან ერთჯერად დახმარებს ის 80 000 თვითდასაქმებული მიიღებს, რომლებმაც დოკუმენტების შეგროვების თვალსაზრისით ყველა მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილეს.

„ამით თვითდასაქმებულების დახმარების პროგრამა დასრულდება. ყველა სხვა პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა ჩვენი მოქალაქეების სოციალურ დახმარებას - ეს იქნება სამსახურის დაკარგვის, შშმ პირების, მრავალშვილიანი ოჯახის, რა თქმა უნდა, ყველაფერი გაგრძელდება, შესაბამისი ვადებით. ჩვენ მეორე ეტაპს ვხურავთ იმით, რომ ყველა თვითდასაქმებულს, რომელმაც მიმართა მთავრობას და ეს გახლავთ 250 ათასი ადამიანი, ყველანაირი შეფერხების გარეშე სექტემბრამდე თანხას მიიღებენ“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

კომუნალური გადასახადების დაფინანსება

გიორგი გახარიას განცხადებით, მოქალაქეებისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამა ზამთარშიც გაგრძელდება.

„გვესმის, რომ შემდეგი 2 წელიც გლობალური ეკონომიკისთვის მძიმე იქნება. იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების შემოსავლის შემცირება ან სამუშაოს დაკარგვა დავაკომპენსიროთ, მთავრობამ გადაწყვიტა, კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამა გაგრძელდეს ზამთრის 4 თვის განმავლობაში. ეს იქნება ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვლის თვეები“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, სუბსიდირება იმავე პრინციპით გაგრძელდება, როგორც გაზაფხულზე იყო.

მთავრობის სხდომის დაწყებამდე გიორგი გახარია იმ სტუდენტების საკითხას შეეხო, რომლებიც განათლებას საზღვარგარეთ იღებენ.

„მოგეხსენებათ უახლოეს პერიოდში სასწავლო წელი იწყება. ბევრ ქართველ სტუდენტს, რომელიც საქართველოში იმყოფება, მაგრამ განათლებას იღებს ევროპაში ან იქ შრომობს, განათლების მიღებასთან ერთად, გადაადგილების პრობლემა შეექმნა.

რამდენიმე კვირის წინ ჩვენ მოგვმართა სტუდენტების ჯგუფმა, რომლებსაც ჰქონდათ გერმანიაში შრომის ნებართვა და ვერ მიდიოდნენ. მთავრობამ უზრუნველყო ჩარტერული რეისი, ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით 1 რეისი ბერლინში გავაკეთეთ. დაგროვდა სტუდენტების კიდევ ერთი ჯგუფი, ასევე გერმანიის მიმართულებით“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მან განათლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს დაავალა, 11 აგვისტოს 1 რეისი დაორგანიზდეს, რადგან საზღვარგარეთ სწავლის მსურველებმა წასვლა შეძლონ.

„ასევე იყო თხოვნა უნგრეთში მცხოვრები და განათლების მიღების პროცესში მყოფი ჩვენი ახალგაზრდების მხრიდან. დავაიდენტიფიციროთ, იქ რა რაოდენობაა და თუ საჭირო იქნება, მათაც დავეხმაროთ შეღავათიანი ჩარტერული რეისით, რომლის ბილეთის ფასი არ უნდა იყოს 199 ევროზე მეტი“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.