მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რაისა ლიპარტელიანი: ბიზნესს ჰქონდა საკმარისი დრო შრომის ინსპექციის მანდატის ზრდასთან ადაპტაციისთვის 

პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე, რაისა ლიპარტელიანი

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილის, რაისა ლიპარტელიანის განცხადებით, შრომის ინსპექციის მანდატის ზრდა არ გულისხმობს ახალ ვალდებულებებს ბიზნესისთვის, არამედ ის მოიაზრებს შრომის კანონმდებლობით დადგენილი ნორმების აღსრულებას, შესაბამისად, არ შეიძლება გახდეს დამატებითი ტვირთი არცერთი ტიპის ბიზნესისთვის, მათ შორის, არც მცირე ბიზნესისთვის.

საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-ს შეკითხვაზე, საფუძვლიანია თუ არა საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ვარაუდი, რომ შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონის ამოქმედებამ, შესაძლოა, კორუფციის რისკი გაზარდოს, რაისა ლიპარტელიანი პასუხობს, რომ არსებული კანონმდებლობა მაქსიმალურად აზღვევს კორუფციის რისკებს, რამდენადაც სანქციების სახე და ოდენობა განისაზღვრება ორი, მკაფიოდ ჩამოყალიბებული კრიტერიუმით, როგორიცაა: უსაფრთხოების სტანდარტის დარღვევის სიმძიმე და კომპანიის ფინანსური შესაძლებლობები, მისი წლიური ბრუნვა.

„ამას გარდა, კანონპროექტი ითვალისწინებს ინსპექციის დამოუკიდებელ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბებას, რომელთანაც იფუნქციონირებს მრჩეველთა საბჭო, რომელიც დაკომპლექტებული იქნება როგორც სახელმწიფოს, ასევე ბიზნესისა და პროფკავშირების წარმომადგენლებისგან", - განმარტავს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე და დასძენს, რომ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება წლებია, ითხოვს სრულმანდატიანი შრომის ინსპექციის ამოქმედებას, რაც გულისხმობს ზედამხედველობას, არა მხოლოდ შრომის უსაფრთხოებაზე, არამედ შრომის კანონმდებლობის აღსრულებაზე.

მისი თქმით, აღნიშნული მოთხოვნა გამომდინარეობს იმ საჭიროებებიდან, რომელიც გააჩნიათ დასაქმებულებს, რომელთა შრომითი უფლებებიც უხეშად ილახება ყოველდღიურ რეჟიმში და ასევე, საერთაშორისო ვალდებულებებიდან.

„საქართველო შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოა და მის მიერ დადგენილი სტანდარტები, #155 და #81 კონვენციები გულისხმობს ინსპექციის სრული მანდატით ფუნქციონირებას, შრომითი უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. ანალოგიურად, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, ეყრდნობა რა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტებს და მის საფუძველზე მიღებულ დირექტივებს, ავალდებულებს სახელმწიფოს აღნიშნული მექანიზმის ამოქმედებას. იგივეს მოუწოდებს საქართველოს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი. ამ მიმართულებით დაგეგმილი რეფორმა არ არის სპონტანური, რამდენადაც შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი ფუნქციონირებს 2015 წლიდან და სწორედ ეტაპობრივად ხდება მისი მანდატის გაფართოება, რაც ნიშნავს რომ ბიზნესს ჰქონდა საკმარისი დრო გარკვეული პერიოდულობით დაგეგმილ ცვლილებებთან ადაპტაციისთვის". - უთხრა ლიპარტელიანმა pia.ge-ს.

ცნობისთვის, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს შეფასებით, სახელმწიფოში არ არსებობს პოლიტიკური ნება, შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობაში უკვე გაწერილი მექანიზმების გამოყენების შესახებ.

გარდა ამისა, TI-ს ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები ეტაპობრივად უნდა ამოქმედებულიყო, რათა კანონის ძალაში შესვლა მძიმე ტვირთი არ ყოფილიყო მცირე ბიზნესისთვის.

საყურადღებოა არასამთავრობო ორგანიზაციის კომენტარი კანონმდებლობის მიერ შექმნილ კორუფციის რისკებზეც:

„დამატებითი კანონმდებლობის და ნორმების შემოღება, მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება შრომის უსაფრთხოების დაცვის ეფექტური პრევენციული მექანიზმი, თუ წინასწარ იქნება გათვლილი ის შედეგები და რისკები, რაც შეიძლება თან ახლდეს კანონის ამოქმედებას. ნათლად უნდა იყოს გაწერილი სტანდარტები და მისი კონტროლის მექანიზმები, წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგად მივიღებთ დამატებით რეგულაციებს და კორუფციისთვის ხელსაყრელ გარემოს“, - ვკითხულობთ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ანგარიშში.

პარლამენტმა, შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონი 2019 წლის თებერვალში მიიღო, რომლის თანახმად, 2019 წლის 1-ლი სექტემბრიდან, კანონი, არა მხოლოდ საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე, არამედ, ეკონომიკური საქმიანობის ყველა დარგზე გავრცელდა.