მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რატომ ეთქვა უარი აფგან მუხთარლის ტრანსპორტირებაზე - „ჯორჯიან ეარვეისის“ განმარტება

აფგან მუხთარლი და ჯორჯიან ეარვეისი

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ავიაკომპანია განმარტავს, თუ რატომ უთხრეს უარი ტრანსპორტირებაზე აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან მუხთარლის.

„ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ ათწლეულებია ოპერირებს ქართულ ავიაბაზარზე და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართულ ეკონომიკაში. პანდემიის პირობებში კი, ჩვენი კომპანიის როლი პრაქტიკულად შეუცვლელი აღმოჩნდა. გლობალური კრიზისის პირობებში, ერთგულად, ხარისხიანად და ყველა შესაბამისი რეკომენდაციის დაცვით, ემსახურება, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.

მოგეხსენებათ, პანდემიის პირობებში, ნებისმიერი, და მათ შორის, ჩვენი ავიაკომპანია ოპერირებს სპეციალური რეგულაციებით, რომელიც დადგენილია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და სახელმწიფოების მიერ.

საზოგადოებაში გაჩენილი კითხვების გამო, თუ რატომ ეთქვა უარი აზერბაიჯანის მოქალაქეს საქართველოში ტრანსპორტირებაზე, გვსურს განვაცხადოთ შემდეგი:

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოში მოქმედებს სპეციალური რეგულაცია, რომელიც იმპერატიულად ადგენს იმ ქვეყანათა ნუსხას, რომელთა მოქალაქეები და მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირები დაუბრკოლებლად შემოდიან საქართველოში.

აზერბაიჯანი არ შედის ამ ე.წ. „მწვანე ზონის ქვეყნების” ჩამონათვალში. შესაბამისად, ავიაკომპანია აირზენა ვერ გაუწევდა მომსახურებას აზერბაიჯანის მოქალაქეს, აფგან მუხთარლის, რომელიც არც სხვა რომელიმე „მწვანე ზონის“ სტატუსის მქონე ქვეყნის მოქალაქეა და არც მუდმივი ცხოვრების უფლებით სარგებლობს, რის გამოც ჩვენი კომპანია მოკლებული იყო შესაძლებლობას მომსახურებოდა მას“, - ნათქვამია ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, მუხთარლი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს 18:00 საათისთვის უნდა ჩამოსულიყო.

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ აფგან მუხთარლი 2020 წლის 17 მარტს, სამწლიანი პატიმრობის შემდეგ, ციხიდან გაათავისუფლა და გერმანიაში გამგზავრების შესაძლებლობა მისცა, სადაც მუხთარლის ოჯახს თავშესაფარი აქვს მიღებული.

მუხთარლი აზერბაიჯანის ციხეში სასჯელს საზღვრის უკანონო კვეთის, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის გადატანისა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევისათვის იხდიდა.