მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები პანდემიის პირობებში - ამირან გამყრელიძის განმარტება

რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა

პანდემიის პირობებში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე როგორც აბიტურიენტებს, ისე სხვა დამსწრე პირებს გარკვეული წესების დაცვა მოუწევთ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დეტალურად განმარტა, რა შემთხვევაში შეძლებენ აბიტურიენტები პირბადის მოხსნას და როდის ჩაირთვება კონდიციონერი.

მისი თქმით, დახურულ სივრცეში პირბადის გამოყენება რეკომენდირებულია, შესაბამისად აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე უნდა გამოცხადნენ პირბადით, რომელიც უნდა ატაროს კომისიის წევრებთან, ზედამხედველებთან კონტაქტის დროს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის სამუშაო მაგიდასთან დაჯდება, თავისი ნება-სურვილით შეუძლია მოიხსნას პირბადე, რადგან მაგიდებს შორის დისტანცია დაცული იქნება, ასევე მაგიდებთან განთავსდება დეზობარიერი. მას შემდეგ, რაც, აბიტურიენტი წერას დაასრულებს, მან პირბადე უნდა გაიკეთოს და ამის შემდეგ ჩააბაროს ნაშრომი.

„აბიტურიენტებს ქონდათ გარკვეული წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ პირბადით მუშაობა 3-4 საათის განმავლობაში შემაწუხებელია. მათ შესაძლოა კონცენტრაცია დაკარგონ - ეს არგუმენტი ნაკლებად დამაჯერებელია, მაგრამ აქაც გამოინახა კომპრომისი“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება კონდიცირების საკითხს, ამირან გამყრელიძის განცხადებით, უკვე არის იმის მტკიცებულებები, რომ თუ ოთახში ფანჯრები ღიაა და კონდიციონერი ჩართულია, ინფექციის გავრცელების საფრთხე მინიმალურია.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე მოხდება ოთახების კონდიცირება, რომელიც გამოცდების დაწყებისას გაითიშება, ფანჯრები იქნება ღია. ყველა ოთახში დაიდგმება ტემპერატურის საზომი მოწყობილობა, თუ ოთახში ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, მაშინ კონდიციონერი გარკვეული პერიოდულობით ჩაირთვება, ამ დროს კი, აბიტურიენტებმა პირბადეები აუცილებლად უნდა გაიკეთონ.

ამასთან, ამირან გამყრელიძე აბიტურიენტებს მოუწოდებს, ეროვნული გამოცდების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მაღალი ტემპერატურის და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სხვა სიმპტომების დაფიქსირების შემთხვევაში, ოჯახის ექიმის დანიშნულებით შესაბამის ცენტრებს მიმართონ, სადაც „პისიარ“ ტესტს გაუკეთებენ.

აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებზე შესვლამდე თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ.

„თუ აბიტურიენტს სიცხე დაუფიქსირდება, წინა დღეებში არ ქონია და არ აქვს მას „პისიარ“ ტესტი გაკეთებული, მაშინ მათთვის არის ცალკე იზოლირების საშუალება, ისევე, როგორც სხვა აბიტურიენტებისთვის, ვისაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება.