მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ ჩატარდება სააღდგომო ცისკრის ლოცვები საყოველთაო კარანტინის პირობებში?

ანდრია ჯაღმაიძის კომენტარი საყოველთაო კარანტინზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საყოველთაო კარანტინი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 21:00 საათიდან 6:00 საათამდე იმოქმედებს.

როგორ ჩატარდება ამ რეჟიმის პირობებში სააღდგომო ცისკრის ლოცვები და იმსჯელეს თუ არა ამ თემაზე საპატრიარქოში? - ამ კითხვებით PIA-GE-მ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ანდრია ჯაღმაიძიეს მიმართა.

"სანამ მღვდელმთავრები არ იმსჯელებენ, ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. დრო გვინდა, რომ მათი აზრი მოვისმინოთ", - გვითხრა ანდრია ჯაღმაიძე.

კითხვაზე, განიხილება თუ არა მრევლის გარეშე წირვის ჩატრება, ანდრია ჯაღმაიძე პასუხობს – არა.

"ალბათ ხელისუფლება გაითვალისწინებს აღდგომის დღეს", - განაცხადა ჯაღმაიძემ.

თავის მხრივ, დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ეკლესიასთან კომპრომისს აუცილებლად მიაღწევს.

"ეკლესიასთან კომუნიკაცია იყო და გაგრძელდება. ასეთი კომუნიკაციის შედეგია, მაგალითად, ბევრმა ეკლესიამ დააწესა სპეციალური წესები; მოახერხა ეკლესიის ეზოების ხმის შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა იმისთვის, რომ მრევლს შეეძლოს, გარეთ იმყოფებოდეს. ჩვენ ამას გავაგრძელებთ, მაგრამ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, ჩვენი მთავრობის პასუხისმგებლობაა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა. დარმწუნებულები ვართ, როდესაც საკითხი ეხება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლეს და მის ჯანმრთელობას, ჩვენ ყოველთვის ვიპოვით შესაბამის კომპრომისს ეკლესიასთან. მე ვერ წარმომიდგენია, ისევე როგორც რიგით ადამიანს, რიგით მოქალაქეს, რიგით მრევლს, რიგით ქრისტიანს, რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე უფრო მაღალი ფასეულობა, როგორც მთავრობისთვის, ასევე ეკლესიისთვის", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.