მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ დაგეგმავენ სკოლებში შესვენებას და როდის ექნება მასწავლებელს პირბადის ტარების ვალდებულება

მოსწავლე სკოლაში

ჯანდაცვის სამინისტრომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის კორონავირუსის პანდემიის პირობებში რეკომენდაციები გასცა. მინისტრის ბრძანება ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზეა განთავსებული.

სკოლის შესასვლელთან, ეზოში განხორციელდება თერმოსკრინინგი, მასწავლებლები, სკოლის თანამშრომლები და ვიზიტორები დაწესებულებაში შევლენ პირბადით. პირბადის ტარების ვალდებულება მოსწავლეებს არ ექნებათ.

სასწავლო პროცესის ორგანიზება:

სკოლის ადმინისტრაციამ წინასწარ უნდა გასაზღვროს მასწავლებლებისა და ცვლაში მისაღები მოსწავლეების რაოდენობა ისე, რომ, როგორც პრაქტიკული, აგრეთვე,თეორიული სწავლებისთვის განკუთვნილ სივრცეში უზრუნველყოფილი იყოს არანაკლებ 1 მეტრიანი დისტანციის დაცვა.

სასწავლო პროცესთან დაკავშირებით გრაფიკი წინასწარ დამტკიცდება. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ცვლებში სწავლების რეჟიმი. ყოველი ცვლის შემდგომ კი გამოიყენება სანიტარული შესვენება არანაკლებ ნახევარი საათი.

რეკომენდირებულია მასწავლებლის ჟურნალი - მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი ჩანაცვლდეს აღრიცხვის ელექტრონული ფორმით. აღნიშნულის შეუძლებლობის შემთხვევაში კი, ჟურნალით ყოველი სარგებლობის წინ და შემდგომ უზრუნველყოფილი იყოს ხელების სანიტაიზერით სავალდებულო წესით დამუშავება.

შესვენებებზე ერთდროულად დიდი რაოდენობით მოსწავლეების თავმოყრის თავიდან აცილების მიზნით, სკოლა ინდივიდუალურად დაადგენს სწავლის დაწყების განსხვავებულ დროებს და/ან საგაკვეთილო პროცესის ხანგრძლივობას.

მშობლებთან ან სხვა გარეშე პირებთან კომუნიკაციის დროს უპირატესობა უნდა მიენიჭოს დისტანციურ შეხვედრებს.

სავალდებულო დისტანცია მოსწავლეებს შორის საგაკვეთილო პროცესის დროს დახურულ და ღია სივრცეებში:

საკლასო ოთახში, მაგიდების/მერხების განლაგება მიზანშეწონილია მოხდეს შემდეგი პრინციპით:

  • მაგიდები განლაგდეს იმგვარად, რომ მოსწავლეები არ ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ და მათ შორის დაცული იყოს დისტანცია არანაკლებ 1 მეტრისა
  • მაგიდები განლაგდეს იმგვარად, რომ მოსწავლეები ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ, და მათ შორის დაცული იყოს დისტანცია არანაკლებ 2 მეტრისა

საგაკვეთილო პროცესის დროს მასწავლებელი ვალდებული იქნება ეკეთოს პირბადე იმ შემთხვევაში, თუ მაგიდები განლაგებულია იმგვარად, რომ მასსა და მოსწავლეებს შორის შეუძლებელია 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა.

სკოლის საერთო სივრცეებში გადაადგილების წესი:

სკოლის საერთო სარგებლობის სივრცეებში (მათ შორის, დერეფანი, კიბის უჯრედი, სამასწავლებლო და ა.შ.) ყოფნისა და გადაადგილებისას ყველა პირს (გარდა მოსწავლეებისა) უნდა ეკეთოს პირბადე, მათ შორის დასვენებების პერიოდში.

გაკვეთილებს შორის შესვენებები სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის დაიგეგმება განსხვავებულ დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სკოლის შენობის დაგეგმარება იძლევა სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სივრცეების ფიზიკურად გამიჯვნის შესაძლებლობას.

შესვენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.

შესაძლებელი იქნება სკოლის ეზოებში/ღია სივრცეებში გაკვეთილების ორგანიზება, შესაბამისი დისტანციის დაცვით.

შეიზღუდება მოსწავლეების მიერ საკლასო ოთახების ხშირი ცვლა ისე, რომ მოსწავლეები დარჩნენ ერთსა და იმავე ოთახში.

ერთი და იმავე ოთახში მოსწავლეთა სხვადასხვა ნაკადის გადაადგილებისას, დაცული უნდა იყოს 30 წუთიანი შუალედი, განიავდეს საკლასო ოთახი, მაგიდები და საერთო გამოყენების ზედაპირები უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით.

ყოველი შესვენების დროს სავალდებულო იქნება საკლასო ოთახის განიავება.

იმ შემთხვევაში, თუ საკლასო ოთახის ფართი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ დაცული იყოს შესაბამისი დისტანცია, სკოლას უფლება აქვს გადავიდეს შერეულ/ჰიბრიდულ მოდელზე (დისტანციური სწავლების წესი მტკიცდება ცალკე); ასეთი შემთხვევისთვის, სკოლის ადმინისტრაციამ უნდა შეიმუშაოს შერეულ მოდელზე გადასვლის გეგმა - გრაფიკი და შეუთანხმდეს საგანმანათლებლო რესურსცენტრს.

სასწავლო რესურსები და ნივთები, რომელთა დეზინფიცირება ან გასუფთავება ძნელია, უნდა ამოიღონ ხმარებიდან, მაგალითად, ქსოვილისგან დამზადებული თვალსაჩინოებები. მასწავლებელმა მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი ჯგუფში მრვალჯერადად გამოსაყენებელი ნივთების ხმარებისგან, აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მიუთითოს, რომ ხელები დაიბანონ ან დაიმუშაონ მათ გამოყენებამდე და შემდგომ.

რეკომენდაციები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან დაკავშირებით:

განხორციელდეს ყველა იმ ზედაპირის დასუფთავება/დეზინფექცია, რომელთანაც შეხება უწევს სსსმ მოსწავლესა და მასთან მომუშავე სპეციალისტს/სპეციალისტებს (მოსწავლესთან მუშაობის პროცესში გამოყენებული ნებისმიერი დამხმარე და განმავითარებელი რესურსი, მათ შორის, ეტლი, ყავარჯენი, სათვალე და სხვა);

სსსმ მოსწავლესთან მუშაობის დროს სპეციალისტმა უნდა გამოიყენოს პირბადე, თუ სამუშაო მოითხოვს 1 მ-ზე ახლოს მიახლოვებას, ამასთან, ხელებით კონტაქტის საჭიროებისას კი გამოიყენოს ერთჯერადი ხელთათმანი;

სსსმ მოსწავლესთან მომუშავე სპეციალისტმა უნდა დაიცავას ჰიგიენის წესები სამუშაო ადგილზე, ასევე, დაეხმაროს სსსმ მოსწავლეებს ჰიგიენის წესების დაცვაში;

სსსმ მოსწავლესთან მომუშავე სპეციალისტი შეძლებისდაგვარად უნდა დაეხმაროს სსსმ მოსწავლეებს უსაფრთხო დისტანციის დაცვაში.

რეკომენდაციები კვების პროცესისადმი:

ბუფეტი/სასადილო ვერ იმუშავებს, თუ შეუძლებელი იქნება მოსწავლეთა რიგში დგომის დროს უსაფრთხო დისტანციის დაცვა.

საკვების შესაძენად მოსწავლეთა გადაადგილების მაქსიმალურად შეზღუდვის მიზნით, მიზანშეწონილია საკვების კონტეინერით (ლანჩ-ბოქსი) ტარება, ასევე, კვების შესვენების ორგანიზება სასწავლო ოთახებში.

კორონავირუსის პანდემიის გამო სკოლები დისტანციურ სწავლებაზე მარტის შუა რიცხვებიდან გადავიდნენ. ახალი სასწავლო წლიდან კი სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლება ჩვეულ რეჟიმში დაიწყება.