მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ ირღვევა დასაქმებულთა უფლებები საქართველოში - კანონი VS რეალობა

გადატვირთული სამუშაო დრო

გადატვირთული სამუშაო რეჟიმი, მინიმალური შვებულება, არასათანადო ანაზღაურება, ხელფასის დაგვიანება, შრომის უსაფრთხოება - პრობლემების ჩამონათვალი, რომელსაც შრომით უფლებებში ვხვდებით. ამას ადასტურებს ევროკავშირის კვლევები, სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიში.

PIA.GE სხვადასხვა ორგანიზაციის თანამშრომელს ესაუბრა, რომლებიც საჯარო საუბარს თავს არიდებენ - მიზეზი სამსახურის დაკარგვის შიშია.

ისინი ჩვენთან პრობლემებზე საუბრობენ, თუმცა მათი თხოვნიდან გამომდინარე, ვინაობის იდენტიფიცირებას არ ვახდენთ.

მთავარ პრობლემად სამუშაო დროის ხანგრძლივობას ასახელებენ. „შრომის კოდექსით“ სამუშაო დროის ხანგრძლივობა 40 საათია, მათ კი, მინიმუმ 60 საათი უწევთ მუშაობა.

„მაქსიმალურად ცდილობენ, ცოტა კადრით, ბევრი საქმე გააკეთონ“ ,- ამბობს ერთ-ერთი საფინანსო ორგანიზაციის თანამშრომელი.

„ხელშეკრულებაში რომ ჩავიხედე, იდეალური პირობები დამხვდა. წესით, დღეში 5 საათის განმავლობაში უნდა ვმუშაობდე, თუმცა გეგმა იმხელა მაქვს, ამ საათებში რომ ვიმუშაო, მშიერი დავრჩები. კვირაში მინიმუმ 60 საათი ვმუშაობ. გეგმას თუ არ შევასრულებ, სამსახურის გარეშე დავრჩები. რაც შეეხება შვებულებას, წელიწადში 10 სამუშაო დღე მაქვს. ამასაც მაშინ მაძლევენ, როცა კომპანიას უნდა, და არა მე“,- ამბობს ერთ-ერთი სადისტრიბუციო კომპანიის თანამშრომელი.

„ხელშეკრულებაში მიწერია, რომ შვებულება მაქვს 24 დღე, თუმცა მაძლევენ 15 დღეს წელიწადში. როდესაც ზეგანაკვეთურს ვმუშაობ, რა თქმა უნდა, მისი ანაზღაურება არ ხდება“ ,- ამბობს ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომელი.

„ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ საქართველოს დაევალა, თავისი კანონმდებლობა, ევროკავშირის კანონმდებლობას დაუახლოვოს. „საქართველოს შრომის კოდექსი“ იხვეწება, თუმცა ერთია რა წერია კანონში და მეორეა, რისი აღსრულება ხდება.

პრობლემაა ფეხმძიმობა. ერთ-ერთი რესპონდენტი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ გასაუბრებაზე მისვლის დროს ჰკითხეს, იყო თუ არა ფეხმძიმედ, ან ხომ არ გეგმავდა

კანონით დადგენილი წესის აღსრულება რომ არ ხდება, ამას მოწმობს ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ეგიდით ჩატარებული კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეები შრომის უფლებების დარღვევას, სხვა უფლებებს შორის, ყველაზე მეტად უჩივიან.

ამასთან, 2019 წელს, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრისა და საზოგადოების ფონდის ჩატარებული მოსახლეობის გამოკითხვის მიხედვით, სამუშაო ადგილზე ხდება არასათანადო ანაზღაურება, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, სამუშაო საათების ხანგრძლივობის ნორმების დარღვევა, ანაზღაურების დაგვიანება, ანაზღაურებაში შვებულების უფლების დარღვევა, დეკრეტული შვებულების უფლების დარღვევა.

სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშში წერია: შსს-დან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, სამუშაო ადგილებზე დაღუპვისა და დაშავების შემთხვევების მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირდა - დაიღუპა 49 და დაშავდა 142.

ამასთან, შრომის ინსპექციას შემოწმება მხოლოდ ორგანიზაციის თანხმობის საფუძველზე შეუძლია. 2019 წელს შრომითი უფლებების ნაწილში ინსპექტირებაზე თანხმობა მხოლოდ 19-მა დამსაქმებელმა გამოთქვა. გამოიკვეთა ისეთი დარღვევები როგორიცაა - უქმე დღეებში ნამუშევარი და ზეგანაკვეთური სამუშაოს აუნაზღაურებლობა, შეუსაბამობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ და არსებულ სამუშაოს შორის, ხელშეკრულების წესის დარღვევა და ა.შ.

შრომითი უფლებების საკითხზე PIA.GE საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს ირაკლი პეტრიაშვილს ესაუბრა.

„მიუხედავად იმისა, რომ კანონში არსებობს ჩანაწერი, რომელიც დამსაქმებელს აძლევს საშუალებას, მინიმალური დოზით აანაზღაუროს ზეგანაკვეთური შრომა, დამსაქმებლები მაინც არ იხდიან. გარდა ამისა, საკმაოდ სერიოზული პრობლემებია შვებულების არ მიცემასთან დაკავშირებით, შესვენებაზე, ბიულეტინში გასვლაზე. ასევე შრომითი კონტრაქტები არ აქვთ ადამიანებს. მიუხედავად კანონში ჩანაწერისა, დავუშვათ 30 თვის განმავლობაში მუშაობის შემთხვევაში, მათ ეკუთვნით მუდმივი ხელშეკრულება. ეს არ ხდება იმიტომ, რომ დამსაქმებელმა გათავისუფლების შემთხვევაში არ აუნაზღაუროს ის 2 თვიანი კომპენსაცია, რომელსაც კანონი არეგულირებს და ა.შ.“,- აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი.

irakli-petriashvili_o_h.jpeg




იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ბევრი უმუშევარია, კომპანიებს კადრები არ ჰყავთ - რაშია პრობლემა?

„ხშირად დამსაქმებლები იტყუებიან და ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. რომელი კადრის სიმცირეზეა საუბარი? დავუშვათ, შრომის ბაზარზე ბევრი კვალიფიციური კადრი არ არის და დამსაქმებლებმაც შეიძლება ამაზე ისაუბრონ, თუმცა ამ კუთხით მათ არაფერი გაუკეთებიათ, რომ კადრები გადაამზადონ. ზოგადად, სახელმწიფოში ძალიან ცოტაა გაკეთებული იმისთვის, რომ შრომის ბაზარზე საქართველოში მომზადებული კადრი შესაბამისობაში იყოს იმ მოთხოვნებთან, რასაც შრომის ბაზარი ითხოვს“,- ამბობს ირაკლი პეტრიაშვილი.

პარლამენტში ინიცირებულია „შრომის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც სესიაზე უკვე მეორე მოსმენით უნდა გავიდეს. ირაკლი პეტრიაშვილი ამბობს, რომ პროექტში მკაცრი ჩანაწერია 8 საათიან სამუშაო დღესთან დაკავშირებით. ტარიფი თითოეულ ზეგანაკვეთურ სამუშაოსთან დაკავშირებით.

როგორ უნდა მოხდეს კანონის აღსრულება?

კანონპროექტით, შრომის ინსპექტორს უფლებამოსილება ექნება, დაუგეგმავად, წინასწარი გაფრთხილების გარეშე შევიდეს ორგანიზაციაში და სამუშაო პირობები შეამოწმოს.

„კანონში გვაქვს ისეთი მიდგომა, რომელიც მოითხოვს და აკისრებს გარკვეულ ვალდებულებას დამსაქმებლებს, მაგრამ მისი იმპლემენტაცია ვერ ხდება, რადგან ქვეყანაში არ არის აღსრულების მექანიზმი, თუ არ ჩავთვლით სასამართლოებს, სადაც 3 და 5 თვიანი მოლოდინის რეჟიმში უნდა იყოს ადამიანი, რათა სიმართლე დადგინდეს. ბუნებრივია ეს ეფექტური აღსრულების მექანიზმად ვერ ჩაითვლება. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ შრომის ინსპექციას მიენიჭოს უფლებამოსილება, გარდა შრომის უსაფრთხოებისა, პასუხისმგებელი იყოს შრომის უფლებებზე და იმ საკანონმდებლო სივრცეზე, რომელსაც ქმნიან კანონმდებლები. ელემენტარული თავმოყვარეობაა საჭირო იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ყველაფერი ფურცელზე არ დარჩეს და ადამიანებმა ისარგებლონ იმ სტანდარტებით, რომელიც შეიქმნა ხელისუფლების მიერ“,- აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი.

რა შედეგები მოჰყვება გადატვირთულ სამუშაო დროს?

ამ საკითხზე PIA.GE ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუას ესაუბრა, რომელიც ამბობს, ადამიანის დღიური სამუშაო დრო 8 საათს არ უნდა აღემატებოდეს, დასვენების საათის ჩათვლით, რადგან ფიზიკურ და ფსიქიკურ ენერგიას სჭირდება აღდგენა.

„შრომა, ეს არის სუბსტანციური მოთხოვნილება. ადამიანი შრომის გარეშე ვერ ფორმირდება. სამუშაო დრო

nana-chachua_o_h.jpeg

დაკავშირებულია სამუშაოს ხასიათთან - რა ტიპის სამუშაო სრულდება. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში სამუშაო დრო დღეში უნდა იყოს 6 საათი, მაქსიმუმ 8 საათი. 8 საათში ვგულისხმობ შესვენებასაც.

შრომის პროცესს, ფიზიკური იქნება თუ გონებრივი, აქვს თავისი ფსიქოლოგიური თანმხლები განცდა - რა ტიპის შეფასებები მოხდება, როგორც მორალურ დონეზე, ისე მატერიალურ დონეზე. როდესაც ფინანსური ანაზღაურება ადეკვატურია, ამავდროულად არის მორალური წახალისება, აღიარება, ეს ადამიანზე ძალიან დადებითად მოქმედებს.

ადამიანს აღდგენითი მომენტები სჭირდება, ამისთვის დროა საჭირო. შესაბამისად, ერთი სამუშაო დღე 8 საათს არაფრით არ უნდა აღემატებოდეს, ეს არის უკიდურესი მაქსიმალური დრო. ესეც იმ შემთხვევაში, თუ მას ახლავს ძალიან ბევრი მასტიმულირებელი ფაქტორი. ადამიანი არის ფსიქო-ფიზიკური მთლიანობა, შესაბამისად ეს ფაქტორები მოქმედებს როგორც ადამიანის ფსიქიკაზე, ისე ფიზიკურ მოცემულობაზე“,- აცხადებს ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა.

როდესაც ადამიანი 8 საათზე რამდენიმე საათით მეტს მუშაობს, ამ შემთხვევაში ....

„პირობითად ადამიანი 15 საათის განმავლობაში მუშაობდეს და ასრულებდეს მხოლოდ ერთი ტიპის სამუშაოს - ეს ადამიანისთვის აბსოლუტურად შეუძლებელია, როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ დონეზე. ფსიქიკურ და ფიზიკურ ენერგიას სჭირდება აღდგენა. ადამიანის ორგანიზმი ბიოლოგიურ რიტმში საჭიროებს მოსვენებას“,- განაცხადა ნანა ჩაჩუამ.

პარლამენტში ინიცირებულია კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც კვირაში სამუშაო დრო 40 საათს არ უნდა აღემატებოდეს. ასე წერია მოქმედ კანონმდებლობაშიც. ამასთან, კანონპროექტით, ადამიანისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველი პროფესიების შემთხვევაში, სამუშაო დრო, ზეგანაკვეთური სამუშაოს ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 48 საათს. სამუშაო დღეებს შორის დასვენების ხანგრძლივობა არ უნდა იყოს 12 საათზე ნაკლები. სამუშაო დღის განმავლობაში, როდესაც სამუშაო დრო აღემატება 6 საათს, დასაქმებულს წარმოეშობა შესვენების უფლება მინიმუმ 60 წუთი.

ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით, ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით არანკლებ შრომის ანაზღაურების ნორმირებული საათობრივი განაკვეთის 125%-ისა.

მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ დასაქმებულებისათვის დამატებითი პროპორციული დასვენების დროის მიცემაზე.

დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით.

კანონპროექტი მეორე მოსმენით სესიაზე სექტემბერში გავა.