მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

როგორ ვებრძოლოთ ყალბ ინფორმაციას - კომუნიკაციების კომისია 10 სკოლაში ონლაინ გაკვეთილებს ატარებს

ვებრძოლოთ ყალბ ინფორმაციას

როგორ ვებრძოლოთ ყალბ ინფორმაციას - კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით, კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ფარგლებში, 10 საჯარო სკოლაში 200 მოსწავლისთვის ონლაინ გაკვეთილებს ატარებს. მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენლები მოსწავლეებს ყალბი ინფორმაციის აღმოჩენისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაში ეხმარებიან, ეს უნარები მოზარდებს ნამდვილი და მოგონილი ამბის ერთმანეთისგან გარჩევასა და ინტერნეტში უსაფრთხო ნავიგაციაში დაეხმარებათ. ტრენინგი BBC Academy-ის სასწავლო მასალების გამოყენებით მიმდინარეობს.

კომუნიკაციების კომისია და „მედიააკადემია“ მოზარდებში, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარების მიზნით, კონკურსს „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ უკვე მესამედ ატარებს. კონკურსში მონაწილეობა 14 ივნისის ჩათვლით მე-9, მე-10 და მე-11 კლასის ყველა მოსწავლეს შეუძლია.

კონკურსის ფარგლებში, მოსწავლეებმა უნდა აღმოაჩინონ ქართულ მედიასივრცეში, მათ შორის - ინტერნეტი, ტელევიზია, ბეჭდური მედია, გავრცელებული ყალბი ინფორმაცია - „Fake News“, რომელიც ეხება საქართველოში მომხდარ ამბავს და ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ინფორმაცია. მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ ინფორმაციის აღმოჩენის გზა, შესაბამისი წყარო და პარალელურად, დაადგინონ რეალური ფაქტები.

კონკურსის გამარჯვებულებს, რომლებსაც კომპეტენტური ჟიური გამოავლენს, კომისია შთამბეჭდავ პრიზებს გადასცემს. პირველი ადგილის მფლობელი საჩუქრად iPhone 11 Pro მიიღებს, მეორე ადგილის მფლობელს - iPad 10.2, ხოლო მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეს Beats Studio 3-ის თანამედროვე უსადენო ყურსასმენი გადაეცემა.