მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„რუსთავის აზოტი“ ბეირუთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

რუსთავის აზოტი განცხადებას ავრცელებს

„მოკლებული ვართ შესაძლებლობას, მივიღოთ დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, ქალაქ ბეირუთში აფეთქებული ამონიუმის ნიტრატი ნამდვილად იყო თუ არა 2013 წელს საქართველოში, კერძოდ კი რუსთავში ნაწარმოები“, - ამის შესახებ „რუსთავის აზოტი“ ბეირუთში აფეთქებული ამონიუმის ნიტრატის წარმომავლობის საქართველოსთან კავშირის შესახებ აცხადებს.

კომპანიის განმარტებით, ის ქარხნის ოპერირებას მხოლოდ 3 წელია ახორციელებს.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ლიბანის დედაქალაქ ბეიურთში, აფეთქების მიზეზი იყო 2013 წელს საქართველოდან, კერძოდ რუსთავიდან ექსპორტირებული ამონიუმის ნიტრატი. გამომდინარე იქედან, რომ სს „რუსთავის აზოტი“ ქარხნის ოპერირებას აწარმოებს ბოლო 3 წელია, მოკლებული ვართ შესაძლებლობას მივიღოთ დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, ქალაქ ბეირუთში აფეთქებული ამონიუმის ნიტრატი ნამდვილად იყო თუ არა 2013 წელს საქართველოში, კერძოდ კი რუსთავში ნაწარმოები.

სს „რუსთავის აზოტი” , რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპორტიორს ქვეყანაში, აწარმოებს მსოფლიოში მოხმარებული ამონიუმის ნიტრატის 1%-მდე, რომელიც ლოკალური ნებართვით და საერთაშორისო სტანდარტის დაცვით მზადდება, ინახება და გადის ექსპორტზე.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ბეირუთში ეს ნიტრატი 2013 წლიდან ინახებოდა, რაც მისი უსაფრთხოდ შენახვის ნორმების უხეში დარღვევაა, მითუმეტეს, რომ ამონიუმის ნიტრატი 6 თვის გასვლის შემდეგ კარგავს მისი დანიშნულებისამებრ გამოყენებისთვის საჭირო თვისებებს”, – ნათქვამია „რუსთავის აზოტის“ განცხადებაში.

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ძლიერი აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. პორტის საწყობში 2 750 ტ ამონიუმის ნიტრატი აფეთქდა, რომელიც აზერბაიჯანული გამოცემა haqqin.az-ის ცნობით, რუს ბიზნესმენს იგორ გრეშუჩშკინს ეკუთვნოდა. ამავე ინფორმაციით, ფეთქებადი ნივთიერაბა ბიზნესმენმა საქართველოდან, ბათუმის პორტის გავლით გაიტანა. ბეირუთის პორტში, კონფისკაციის შემდეგ, ფეთქებადი ნივთიერება 6 წლის განმავლობაში ინახებოდა.

აფეთქების შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 137 და დაშავებულია 5000-ზე მეტი ადამიანი.

პორტმა ფუნქციონირება შეწყვიტა. ქალაქის ასეულობით ათასი მაცხოვრებელი უსახლკაროდ დარჩა.

ლიბანში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ზარალი 10-15 მლრდ დოლარს შეადგენს.

შემთხვევიდან მესამე დღეს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ბეირუთში ჩავიდა.