მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საგანგებო სიტუაციების სამსახური განცხადებას ავრცელებს

საგანგებო სიტუაციების სამსახური

საგანგებო სიტუაციების სამსახური, ამაშუკელის ქუჩაზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით დაშავებულია 1 ადამიანი. გამოძიება ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

"თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე, გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შედეგად გამოწვეული ხანძარი ლიკვიდირებულია, ხოლო მომხდარის შედეგად დაშავებული 1 პირი, რომელიც ამავე გაზგასამართ სადგურზე მუშაობს, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ ამაშუკელის ქუჩაზე, ერთ-ერთ გაზგასამართ სადგურზე მოხდა აფეთქება. შეტყობინების მიღების შემდეგ, ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

ადგილზე დაუყოვნებლივ იქნა მიღებული უსაფრთხოების ყველა ზომა და გადაიკეტა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია.

ცეცხლი გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მდგარ შენობა-ნაგებობას ეკიდა. აფეთქებამ, ასევე, ახლომდებარე შენობებზე შუშებიც ჩაამსხვრია.

მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, ხანძრის ლიკვიდირება მალევე მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 240-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო",-ნათქვამია განცხადებაში.