მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა

ვლადიმერ კონსტანტინიდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის მოადგილედ დაინიშნა, 2020 წ.

2020 წლის 20-21 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ კონსტანტინიდი ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობა მიიღო ლევილის მუნიციპალიტეტის მმართველი საბჭოს სხდომაში. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

„ვიზიტის ფარგლებში, მან საფრანგეთში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებთან და ლევილის მმართველი საბჭოს წევრებთან ერთად ლევილის ისტორიული მამული და სასაფლაო მოინახულა და ადგილზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების პირველ ეტაპს გაეცნო.

კონსტანტინიდი სამშენებლო კომპანია „ETMB“-ის წარმომადგენლებს შეხვდა და დეტალურად მოისმინა ანგარიში ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებთან და მათი დასრულების თარიღებთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ცნობილია, ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ შეხვედრა გამართა ლევილის მერთან, ერიკ ბრევისთან, სადაც მხარეების მიერ განხილულ იქნა ისტორიული მამულის სარეაბილიტაციო პროექტის მნიშვნელობა ორ ქვეყანას შორის ისტორიული კავშირის კუთხით და სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებული ასპექტები.