მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საგარეო საქმეთა სამინისტრო:ევროპიდან თბილისის მიმართულებით ორი დამატებითი ფრენა შესრულდება

საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა

საქართველოს მთავრობა განაგრძობს უცხოეთში მყოფი ქართველების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ევროპიდან საქართველოს მიმართულებით ავიარეისებს ახორციელებს კომპანია "ჯორჯიან ეარვეისი". როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრულია მიმდინარე წლის 26 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით განსახორციელებელი მიმართულებები.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, საკოორდინაციო საბჭოზე განისაზღვრა 10 აპრილის შემდგომ, დამატებით, ორი მიმართულება: 12 აპრილი - ბერლინი-თბილისი და 14 აპრილი - ამსტერდამი-თბილისი. 

"საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით და იმ დიდი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნების პროცესთან, გვსურს, გამოვეხმაუროთ მიმდინარე წლის 3 აპრილის ვარშავა-თბილისის და ბერლინი-თბილისის მიმართულებებზე ბილეთების რეალიზაციის საკითხს.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ჩვენმა საელჩომ პოლონეთის რესპუბლიკაში პოლონეთის ავიახაზებისგან, რომლის მიერაც სრულად იყო ორგანიზებული ბილეთების გაყიდვის პროცესი, გამოითხოვა 3 აპრილის რეისზე ბილეთების რეალიზაციის მონაცემები. პოლონეთის ავიახაზების მონაცემებით, დღეს – 1 აპრილს, ავიაკომპანიამ 3 აპრილის ვარშავა-თბილისის რეისზე გასაყიდად გამოიტანა 67 ბილეთი. ბილეთების გაყიდვა დაიწყო ვარშავის დროით 10:00 საათზე. 32 ბილეთი გაიყიდა ვარშავის აეროპორტში მდებარე ავიაკომპანიის სალაროდან, ხოლო დარჩენილი 35 ბილეთი – ონლაინ, ანუ კომპანიის ვებ-გვერდის მეშვეობით, კომპანიის ინფორმაციით, 20 წუთის განმავლობაში. ბილეთის ფასი იყო 199 ევროს ექვივალენტი პოლონურ ეროვნულ ვალუტაში.

რაც შეეხება დანარჩენ 46 ბილეთს, როგორც ცნობილია, თავდაპირველად, კომპანიამ 3 აპრილის რეისზე ბილეთების ნაწილის გაყიდვა მოახდინა ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად – 26 მარტს. (ამ ფაქტის აღმოჩენის შემდგომ, კომპანიას ქართული მხარისგან ეთხოვა დაუყონებლივ შეეწყვიტა ბილეთების რეალიზაცია, რადგან საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, განრიგით გაწერილ რეისებზე ბილეთების გაყიდვა უნდა მოხდეს ავიარეისამდე 2 დღით ადრე).

ასევე, ბერლინი-თბილისის მიმართულებას, 3 აპრილს დაგეგმილ ავიარეისზე ბორტი განსაზღვრულია 120 მგზავრით, აქედან, 110 ბილეთის რეალიზაცია კომპანიამ მოახდინა ფრენების შეზღუდვამდე, შესაბამისად, ეს მგზავრები ისარგებლებენ 3 აპრილის რეისით, დარჩენილი 10 ბილეთი კი, გაიყიდა კომპანია "ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ.

მხედველობაში ვიღებთ, რომ როგორც პოლონეთის რესპუბლიკაში, ისე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, კონცენტრირებულია საქართველოში გამომგზავრების მსურველთა დიდი რაოდენობა.

უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის გავრცელების გამო საერთაშორისო ფრენების შეზღუდვის ფონზე, ვარშავიდან განხორციელდა ხუთი ორგანიზებული ფრენა, ხოლო ბერლინიდან – ორი ჩარტერული რეისი. აღსანიშნავია, რომ კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ დაგეგმილ ავიარეისებზე ყოველთვის არის მგზავრთა ნაწილი, რომელსაც დიდი ხნით ადრე, გეგმიურ ფრენებზე აქვს შეძენილი ბილეთები, შესაბამისად, მათი უფლებების დაცვის მიზნით, კომპანია ვერ ახერხებს ბილეთების სრული რაოდენობის ე.წ. თავისუფალ გაყიდვაში გამოტანას“,- წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.