მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობა შესაძლოა გაძვირდეს

მარშუტკების სადგური

საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობის საფასური შესაძლოა გაძვირდეს. ამის შესახებ ინფორმაცია PIA.GE-ს რეგიონებში მომუშავე ავტობუსების მძღოლებმა დაუდასტურეს.

მათი თქმით, თუ მგზავრების რაოდენობაზე შეზღუდვა იმოქმედებს, ტრანსპორტის საფასური აუცილებლად მოიმატებს.

"არის საუბარი, რომ ორადგილიან სკამზე მხოლოდ ერთი მგზავრი უნდა დაჯდეს. თუ ეს წესი მართლაც იმოქმედებს, მაშინ მგზავრობის საფასური აუცილებლად გაიზრდება. მართალია საწვავის ფასმა დაიკლო, თუმცა, თუ მგზავრების რაოდენობა, ფაქტობრივად, განახევრდება, ფასის გაზრდა მოგვიწევს. იმ შემთხვევაში, თუ ამის უფლება არ გვექნება და ფასი იგივე დარჩება, დიდი ალბათობით, მუშაობის განახლებას ვერ შევძლებთ, რადგან მხოლოდ საწვავის ფულის ამოღებაზე არავინ იმუშავებს",- ამბობს PIA.GE-სთან საუბარში თბილისი-თიანეთის მიმართულებაზე მომუშავე მძღოლი ვაჟა მინდიკაური.

მგზავრობის ფასის შესაძლო ზრდის შესახებ ინფორმაციას გვიდასტურებს, თბილისი-ბათუმის რეისის მძღოლი მალხაზ მიქელაძეც.

"ჯერჯერობით მხოლოდ ის ვიცით, რომ 8 ივნისიდან მოძრაობა უნდა აღდგეს. არავითარი რეკომენდაციები არ მიგვიღია არავისგან. თუმცა, თუ მგზავრებს შეგვიმცირებენ, საფასური, რა თქმა უნდა, გაზირდება",- აღნიშნავს მალხაზ მიქელაძე.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტით, ისევე როგორც მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილებისას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მთავარი რეკომენდაციები პირბადის გამოყენება და დისტანციის დაცვაა.

ამ დროისთვის, არ არსებობს სხვა უფრო მკაცრი შეზღუდვა, რომელიც მგზავრებმა და მძღოლებმა უნდა დაიცვან.

საქალაქთაშორისო ტრანპორტის მოძრაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით 8 ივნისს აღდგება.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება, მიმდინარე წლის 23 მარტს აიკრძალა.