მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველო „ღია ცის ხელშეკრულებაზე“ რუსეთს პასუხობს

ღია ცის ხელშეკრულება

საქართველოს საგრეო უწყება „ღია ცის ხელშეკრულების“ თაობაზე რუსეთის წინადადებას პასუხობს და მეზობელ სახელმწიფოს მის მიერვე ოკუპირებული რეგიონების აღიარების ლეგიტიმაციის მცდელობაში ამხელს.

„წლების განმავლობაში რუსეთი სისტემატურად არღვევს „ღის ცის ხელშეკრულების“ დებულებებს და ახდენს მის პოლიტიზირებას. 2010 წლიდან დღემდე რუსეთი აგრძელებს უშედეგო მცდელობებს, რომ ეს ხელშეკრულება გამოიყენოს, როგორც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების უკანონო აღიარების ლეგიტიმაციის ერთგვარი ინსტრუმენტი.

ჯერ კიდევ 2010 წელს რუსეთის ფედერაციამ მოახდინა „ღია ცის ხელშეკრულების“ იმპლემენტაციის საკითხის პოლიტიზირება. კერძოდ, რუსეთმა აკრძალა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან 10 კმ მანძილზე სადამკვირვებლო ფრენების განხორციელება, იმ მოტივით, რომ თითქოს ეს, ე.წ. ქვეყნები არ არიან ამ ხელშეკრულების მონაწილე მხარეები და შესაბამისად, მათთან მიმართებით მოქმედებს შეთანხმებით განსაზღვრული განსხვავებული რეჟიმი. აღნიშნული ქმედების მიზანს წარმოადგენდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარების ლეგიტიმაცია.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გუშინდელი განცხადება, დაუშვას „ღია ცის ხელშეკრულებასთან“ დაკავშირებული სადამკვირვებლო ფრენები ზემოხსენებულ 10-კილომეტრიან ზონებში, არ წარმოადგენს სიახლეს. აღნიშნული პოზიცია მათი მხრიდან 2 წლის წინაც გაჟღერდა (2018 წლის 23 აპრილის ღია ცის საკონსულტაციო კომისიის სხდომაზე გაკეთებული განცხადება და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 24 აპრილის განმარტებით განცხადება), რომლის მიხედვითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რუსეთი არ აპირებს თავისი პოლიტიკური მიზნების შეცვლას. ხელშეკრულების იმ მუხლებზე დაყრდნობით, რომელიც ეხება არაწევრ სახელმწიფოებს (ხელშეკრულების მე-6 მუხლის მეორე ნაწილს, ასევე მე-2 და მე-7 პარაგრაფები) და დაინტერესებულ მხარეებთან (ე.წ. „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი ქვეყნები“) კონსულტაციებზე მითითებით, რუსეთმა ღიად განაცხადა, რომ ხელშეკრულების ფარგლებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო აღიარების ლეგიტიმაცია კვლავ რჩება მისი პოლიტიკური დღის წესრიგის ამოცანად.“

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში დაკონკრეტებულია ის მიზეზები, რის გამოც საქართველომ ხელშეკრულება შეაჩერა და რუსეთს საკუთარ კონტროლირებად ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენები აუკრძალა.

„ორი წლის განმავლობაში საქართველო აწარმოებდა კონსულტაციებს პარტნიორებთან, რათა დაერწმუნებინათ რუსეთი, უარი ეთქვა პოლიტიზირებულ მიდგომაზე და დაბრუნებოდა ხელშეკრულების სრულფასოვან შესრულებას.

ორწლიანი უშედეგო კონსულტაციების შემდეგ, 2012 წელს საქართველომ შეაჩერა ხელშეკრულების იმპლემენტაცია რუსეთთან მიმართებაში. ქართული მხარე არ იღებს რუსეთის ფრენებს და არც თავად ახორციელებს სადამკვირვებლო ფრენებს რუსეთის ტერიტორიაზე. საქართველო მთელი ამ წლების მანძილზე ახორციელებდა თანმიმდევრულ პოლიტიკას. 2012 წლის გადაწყვეტილება რჩება ძალაში.

რუსეთის საგარეო უწყების მოწოდება სხვა ქვეყნებისადმი, რომ შეასრულონ „ღია ცის ხელშეკრულების“ დებულებები პოლიტიზირების გარეშე, სხვა არაფერია, თუ არა ცინიკური განცხადება, ვინაიდან თავად რუსეთის ფედერაცია ცდილობს ამ ტექნიკური შეთანხმების გამოყენებას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის.

ამ განცხადებებით რუსეთი ცდილობს, ბრალი დასდოს სხვა ქვეყნებს, რათა გადაფაროს ხელშეკრულების მის მიერვე დარღვევა.

რუსეთისგან განსხვავებით, საქართველო სრული პასუხისმგებლობით ეკიდება ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას და განუხრელად იცავს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს.“