მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს ენერგოუსაფრთხოების გამოწვევები და მათი დაძლევის ერთადერთი გზა

განახლებადი ენერგიის რომელი წყაროსკენ იხრებიან ექსპერტები?

საქართველოში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა და მისი მოხმარება ყოველწლიურად იზრდება, შესაბამისად ჩნდება საჭიროება, რომ დაკმაყოფილდეს მოსახლეობის სურვილი და უზრუნველყოფილი იყოს ელექტროენერგიის სტაბილური მიწოდება.

ადგილობრივი ჰესების სიმძლავრეები ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ ახერხებენ, შესაბამისად ქვეყანას ელექტროენერგიის იმპორტი უწევს და ენერგოდამოკიდებული ხდება ისეთ ქვეყანაზე, როგორიც რუსეთია, რომელიც საკუთარ რესურსებს ხშირად იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის. გაზრდილი იმპორტი კი მკვეთრ გავლენას ახდენს ლარის კურსზე, აქედან გამომდინარე კი დოლარში ნაყიდი ელექტროენერგია ზრდის ენერგოკომპანიების ტარიფებს, რაც მოსახლეობას საკმაოდ აწუხებს.

2020 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის 12-15%-მდე ეკავა იმპორტს. ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები არიან რუსეთი და აზერბაიჯანი. რუსეთის წილი, ძირითადად, რა თქმა უნდა, აფხაზეთზე მოდის, ხოლო დანარჩენ საქართველოში იმპორტის კუთხით აზერბაიჯანი ლიდერობს. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-ს საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორი, ნუგზარ ბერიძე ესაუბრა.

„ქვეყნისთვის საკუთარი რესურსების სწორი გამოყენების სტრატეგია აუცილებელია. ამ შემთხვევაში ქვეყანას აქვს ჰიდრორესურსები, რომლის სწორი გამოყენებაც უნდა იყოს ერთ-ერთი პრიორიტეტი“,- განაცხადა კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის პროექტების კოორდინატორმა, რეზო გეთიაშვილმა ახალი ამბების სააგენტო PIA.GE-სთან საუბრისას.

მისი თქმით, რესურსების სწორი გამოყენება დაბალანსებული უნდა იყოს, როგორც გარემოსდაცვით ეკონომიკურ მიმართულებებთან, ასევე იმ სოფლის ან მუნიციპალიტეტის მდგრად განვითარებასთან, სადაც შეიძლება ჰესების მშენებლობის პროექტი დაიგეგმოს.

მნიშვნელოვანია პროექტების სწორი ანალიზი და კვლევა, რომლითაც დადასტურდება, რომ ჰესის მშენებლობა ამა თუ იმ ადგილზე პრიორიტეტული და უკონკურენტოა.

„პრიორიტეტი უნდა გაკეთდეს იმ დარგზე და იმ მიმართულებით, რომელიც კონკრეტულ ადგილას, კონკრეტულ დროს არის ყველაზე წარმატებული, რაც მოითხოვს წინასწარ შეფასებას და კვლევებს“,- დასძინა რეზო გეთიაშვილმა.

მისი თქმით, ჰესების მშენებლობა არ არის ცუდი მიმართულება, რეალურად პრობლემა ჰესების აშენების აუცილებლობის დადასტურებასა და მასთან დაკავშირებულ პროცესშია, რომელიც დღეს დასახვეწი და ფაქტობრივად, არარსებულია პროექტების პრიორიტეტების დასაბუთების მიმართულებით.

ჰესების მშენებლობას და მის აუცილებლობას ეხმაურება „მწვანე ალტერნატივას“ წარმომადგენელი, დათო ჭიპაშვილი და საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბრისას ამბობს, რომ აუცილებელია ქვეყანას ჰქონდეს ენერგეტიკის განვითარების დეტალური გეგმა, რომლის ერთ-ერთი ნაწილია ჰესების მშენებლობა.

„ქვეყანამ უნდა იცოდეს რა მოთხოვნებია ენერგეტიკული თვალსაზრისით, ამისათვის საჭიროა ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომელიც ქვეყანას არ გააჩნია“,- დასძინა დათო ჭიპაშვილმა.

მისი თქმით, უნდა მოხდეს ნებისმიერი პროექტის საჭიროების დასაბუთება ისეთი ეკონომიკური ინსტრუმენტის საშუალებით, როგორიცაა დანახარჯისა და სარგებლის ანალიზი, სადაც საუბარი იქნება სარგებლისა და ზარალის (ზიანის) ნაწილზე, როგორც ბიომრავალფეროვნების, აგრეთვე, სოციალურ გარემოს. რეალურად მსგავსი სრულფასოვანი ანალიზი არცერთ პროექტზე არ არსებობს და არცერთ პროექტზე არანაირი საჭიროება ეკონომიკური თუ ენერგეტიუიკული თვალსაზრისით დასაბუთებული არ არის.

„ჰესები, საერთოდ, განახლებადი ენერგიის წყაროებად ითვლება და მათი მშენებლობა წახალისებულია, თუმცა გარემოს, რა თქმა უნდა, ადგება ზიანი. ტენდენცია არის ის, რომ ჰიდრორესურსი არის სუფთა რესურსი, თავისუფალია გაზების გამონაბოლქვისგან და ეკოლოგიურად სუფთაა. გარემოზე ზემოქმედების თვალსაზრისით, ეს ყველაფერი შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებების გამოყენებით უნდა გაკეთდეს. გარემოზე ზემოქმედება აქვს ყველაფერს, მათ შორის ქარისა და მზის ელექტროსადგურებსაც, მთავარია ეს ზემოქმედება სწორად იყოს შეფასებული და ადეკვატური ღონისძიებები გატარდეს“, - დასძინა ნუგზარ ბერიძემ.

„ეს არის საკითხი რომელიც კარგად გათვლილი პოლიტიკის შედეგად უნდა წყდებოდეს და არა ისე, როგორც ეს დღეს ხდება. უნდა არსებობდეს ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიული გეგმა, თუნდაც ცალკე უწყება, რომელიც განახლებად რეჟიმში იმუშავებს ამ სტრატეგიულ დოკუმენტებზე. დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ლოგიკურია, რომ ეკონომიკის სამინისროს უნდა ჰქონდეს ამის მოწყობის ვალდებულება, რადგან ენერგეტიკის საკითხები მის დაქვემდებარებაშია“,- განმარტა ჭიპაშვილმა.

მისი თქმით, ჰესები ეკონომიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. რეალურად უნდა შევაფასოთ სოფლის თუ რეგიონის განვითარების პოტენციალი, მოხდეს რესურსების შედარება და ისე დაიგეგმოს პროექტის განხორციელება.

ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის მარტის მონაცემებით საქართველოში ჯამში 93 ელექტროსადგურია.