მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში, სეზონურ სამუშაოებზე წასვლა დღეიდან შეუძლიათ 

სარფი - საქართველო

საქართველოს მოქალაქეები თურქეთის რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოებზე წასვლას დღეიდან, 4 აგვისტოდან შეძლებენ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მთავრობის 164-ე განკარგულების თანახმად, იმისთვის, რომ დროებითი დასაქმების მიზნით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრონ, საქართველოს მოქალაქეებს უნდა გააჩნდეთ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფიზიკური ან თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემულ სამთვიანი მოწვევა, რომელშიც დაფიქსირებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქის საიდენტიფიკაციო მონაცემები (სახელი, გვარი და საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი) და უნდა იყოს დამოწმებული თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად ნოტარიულად.

„სეზონურ სამუშაოებზე გასვლის მსურველი საქართველოს მოქალაქე ვალდებულია სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით შეავსოს აპლიკაცია, რომელშიც უნდა მიუთითოს საკუთარი საიდენტიფიკაციო მონაცემები და აპლიკაციას დაურთოს ხსენებული მოწვევა და მისი ქართულ ენაზე თარგმნილი ნოტარიულად დამოწმებული ვერსია. აპლიკაციის შევსება შესაძლებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე. განმცხადებელს პასუხი ეცნობება აპლიკაციის შევსებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში, შესაბამისი ინფორმაცია ასევე მიეწოდება შესაბამის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს". - აცხადებენ სამინისტროში.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ სახმელეთო და საჰაერო რეგულარული მიმოსვლა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეაჩერა. ივლისში მთავრობამ ევროკავშირის წევრ 5 ქვეყანას საზღვარი უპირობოდ გაუხსნა.

კოვიდინფექცია პირველად გასული წლის დეკემბერში გამოვლინდა, ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

ამ დროისთვის, მსოფლიო მასშტაბით, ინფიცირებულია 18 მლნ ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში კოვიდ-19, დღეისთვის, კიდევ 3-მა პაციენტმა დაამარცხა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.

4 აგვისტოს მდგომარეობით, ქვეყანაში კოვიდინფექციისგან განკურნებულთა საერთო რაოდენობა 962-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში 7007 ადამიანი , სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი, 280 პაციენტი.