მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ახალი უკრაინული ავიაკომპანია იწყებს

ფრენა

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებას ახალი უკრაინული ავიაკომპანია Bees Airline გეგმავს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, უკრაინული ავიაგადამზიდავი კიევი - თბილისი - კიევის საჰაერო ხაზზე ფრენების შესრულებას მიმდინარე წლის 30 აპრილიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს გეგმავს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა კანონმდებლობით დადგენილი წესით, რათა განხორციელდეს უკრაინული ავიაკომპანიის დაშვება საქართველოს ავიაბაზარზე და შესაბამისი ნებართვის მინიჭება.

ხოლო რაც შეეხება ავიაკომპანია „Myway Airlines თელ-ავივის“ კომპანია ერევნის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას გეგმავს.

ქართული ავიაკომპანია „Myway Airlines“-ი თბილისი - თელ ავივი - თბილისის და თბილისი - ერევანი - თბილისის საჰაერო ხაზებზე რეგულარული რეისების შესრულებას გეგმავს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის თანახმად, ფრენები აღნიშნული მიმართულებებით შემდეგი განრიგით განხორციელდება:

თბილისი - თელ ავივი - თბილისი, 2 ივნისიდან 28 ოქტომბრამდე, ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და კვირას;

თბილისი - ერევანი - თბილისი, 15 მაისიდან 30 ოქტომბრამდე, ყოველდღიურად.

„გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას პოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით.

მოქალაქეებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს“- ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.