მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოში ყირიმ-კონგოს 10 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი

ყირიმ-კონგოს გადამტანი ტკიპა

„საქართველოში ფაქტობრივად აღარ გვყავს პაციენტი ყირიმ-კონგოს დიაგნოზით“, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ექიმმა აღნიშნა, ყირიმ-კონგოზე საეჭვო დიაგნოზით შემოსული იყო 1 პაციენტი, რომელთანაც ეს დიაგნოზი გამოირიცხა.

„ამ ეტაპზე მხოლოდ 1 პაციენტი გვყავს, რომელიც უკვე გამოჯანმრთელებულია და ალბათ მალე კლინიკას დატოვებს. ყირიმ-კონგოზე შემოსული იყო რამდენიმე პაციენტი, რომელთანაც გამოირიცხა ეს დიაგნოზი. ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინიც დატოვებენ კლინიკას. ფაქტობრივად აღარ არან ამ ეტაპზე პაციენტები ამ დიაგნოზით. შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში მხოლოდ და მხოლოდ 10 დადასტურებული ყირიმ-კონგოს შემთხვევაა გამოვლენილი. ვნახოთ, დინამიკაში როგორ იქნება“, - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება (CCHF) მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. გამომწვევის ბუნებრივი რეზერვუარები არიან მღრღნელები, მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი, ფრინველები, გარეული ძუძუმწოვრები, ასევე დაავადების გადამტანები – ტკიპები. დაავადების ინკუბაციური პერიოდი ტკიპის კბენით ვირუსის გადაცემის შემთხვევაში არის 1-3 დღე. 2019 წელს ასპინძაში ყირიმ-კონგოს დიაგნოზით კაცი გარდაიცვალა. შემთხვევათა 10-40%-ში დაავადება სიკვდილით მთავრდება.