მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სახალხო დამცველი გარდაცვლილ ფეხბურთელზე: სავარაუდოდ, სიცოცხლის მოსპობასთან გვაქვს საქმე

სახალხო დამცველი 2020

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ამბავს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქმე, სავარაუდოდ, სიცოცხლის მოსპობას ეხება.

„სახალხო დამცველი ძალიან დეტალურად იცნობს მაგალითად „ხორავას ქუჩის" საქმეს და იქ ძალიან კარგად დავინახეთ გამოძიების ხარვეზები. სავარაუდოდ, აქაც საქმე გვაქვს სიცოცხლის მოსპობასთან. ოჯახის წევრები და ახლობლები საუბრობდნენ იმაზე, რომ მოხდა რაღაც გარჩევა და იქ იმყოფებოდნენ უცხო პირები. არსებობს სტანდარტი, რომელიც ავალდებულებს სახელმწიფოს, ობიექტურად გამოიძიოს საქმე. აქ რა თქმა უნდა, მოწმეების ჩვენებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს",- აცხადებს ნინო ლომჯარია.

მან სოციალურ ქსელში გაავრცელა პოსტიც, რომელშიც აღნიშნა, რომ ახალგაზრდას გარდაცვალების ამბავში კრიმინალური მენტალიტეტის გავლენა იკვეთება.

„ძალიან მძიმე მოსასმენია 19 წლის ფეხბურთელის დაღუპვის ამბავი... ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს და ახლობლებს. სამწუხაროდ, კრიმინალურ მენტალიტეტს, ქუჩურ-უბნურ გარჩევებს ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ეწირება. მნიშვნელოვანია გამოძიება დროულად, ობიექტურად და სრულყოფილად წარიმართოს და ყველამ, ვინც შესაძლოა ფლობდეს ინფორმაციას საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების თაობაზე, ითანამშრომლოს გამოძიებასთან", - დაწერა სახალხო დამცველმა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი დღეს წყალში იპოვეს.