მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამედიცინო დაწესებულებების ანაზღაურების ვადები 4 თვიდან 3 თვემდე შემცირდება

ტიკარაძე სამინისტროში

ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების ანაზღაურებასთან დაკავშირებით 36-ე დადგენილებაში ცვლილებაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც  სამედიცინო დაწესებულებების ანაზღაურების ვადები 4 თვიდან 3 თვემდე შემცირდება.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, კლინიკებისთვის შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება, დღევანდელი დადგენილებით, 4 თვის შემდეგ  ხდება. ცვლილების შესახებ პროექტს კი უახლიეს მთავრობის სხდომაზე წარადგენს.

"ანაზღაურების პერიოდის შემცირება სამედიცინო სექტორისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური შეღავათი იქნება, რის შემდეგაც ისინი შეძლებენ მნიშვნელოვნად გააუმჯობესონ ინფრასტრუქტურა და საბოლოოდ ეს ყველაფერი დადებითად აისახება ჩვენი ექიმების ანაზღაურებაზე", - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრმა, ზოგადად კლინიკების დაფინანსებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, კოვიდინფექციის მართვაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსება, სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, გლობალური ბიუჯეტით  მოხდა.  

"რაც შეეხება გეგმიურ ამბულატორიას, ამ კომპონენტში სახელმწიფოს აქვს კაპიტაციური დაფინანსება, რაც გულისხმობს იმას, რომ აქაც, ჩვენ გვაქვს რეალურად პროგნოზირებადი დაფინანსება, რომელიც ყოველთვიურად გადაეცემა დაწესებულებებს. ჩვენ ასევე გავააქტიურეთ პირველადი ჯანდაცვა, ანუ გეგმიური ამბულატორია და ხდებოდა პაციენტების როგორც დისტანციური, ასევე ბინაზე მართვა. ამ შემთხვევაშიც დაფინანსება რეალურად არ შეგვიცვლია. რაც შეეხება გეგმიურ ოპერაციებს, რომლებიც სახელდება თითქოსდა გადავადდა, ჩვენ გვქონდა ერთადერთი ცვლილება, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ გეგმიური ოპერაციების დაფინანსება უნდა მოხდეს არაუგვიანეს 4 თვისა. აქ აუცილებლად არის გასათვალისწინებელი შემდეგი ფაქტი, რომ საქართველოს ჯანდაცვის აუდიტი როდესაც გაკეთდა ნათლად გამოიკვეთა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კრიტიკული პროცენტული მაჩვენებელი გეგმიურ ოპერაციებთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს იმას რომ,  მსოფლიოს სხვა ქვეყნებში გეგმიური ოპერაციების მაჩვენებელი არის 80-85%, საქართველოში ეს მაჩვენებელი იყო ძალიან დაბალი, მხოლოდ 20%, აქედან გამომდინარე სახელმწიფოს ინტერესი რა თქმა უნდა არის გეგმიური ოპერაციების წახალისება, ვინაიდან მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებები და სწორედაც ადრეულ ეტაპზე დასმული დიაგნოზი და შესაბამისად ადრეულ ეტაპზე ჩატარებული გეგმიური ოპერაცია მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობას და ჩვენი სტრატეგია ამ მიმართულებით რჩება უცვლელი",- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

ტიკარაძემ ხაზი გაუსვა, რომ იანვრის თვიდან 30 აპრილამდე ჯანდაცვის სამინისტროში, გეგმიური ოპერაციების დაფინანსების მიზნით, შესულია 52 000 მეტი მოთხოვნა და შესაბამისად სახელმწიფო, ყველა ამ ოპერაციის დაფინანსებაზე საგარანტიო წერილებს ეტაპობრივად, შესაბამის ვადებში გასცემს.

"კლინიკები პანდემიის პირობებში არ დაზარალებულან, ვინაიდან ეს გახლავთ ის სექტორი, რომელიც იმყოფება სახელმწიფო ბიუჯეტის პირდაპირ დაფინანსებაზე, რაც გულისხმობს ბიზნესის მიმართ სახელმწიფო გარანტიების არსებობას და ეს არის ბიზნესი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ყველაზე მეტად არის წახალისებული. აქედან გამომდინარე სახელმწიფოს ამ კონკრეტული მიმართულებით გააჩნია კონკრეტული მოთხოვნები და აკისრებს შესაბამის ვალდებულებებს, ვინაიდან კოვიდ ინფექციის პერიოდში ჩვენ ცალსახად დავინახეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემის სწორი მოწყობა და ადეკვატური მზაობა, რომელიც აუცილებელი არის პანდემიის პერიოდში, იმისათვის რომ სრულად ვუზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა",- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.