მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სამოქალაქო აქტივისტები „დავით გარეჯის“ საქმეზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ

აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან

საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობასთან სამოქალაქო აქტივისტები „დავით გარეჯის“ საქმესთან დაკავშირებით საპროტესტო აქციას მართავენ, რომელსაც, ასევე, ესწრებიან პოლიტიკური პარტიების ლიდერები. 

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი პოლიტიკური პატიმრები არიან.

„ამ ორი ადამიანის დაკავება განსაკუთრებით სამარცხვინო და უტიფრობაა. ისინი ფაქტობრივად ხელისუფლების მძევლები არიან, რომლებიც პოლიტიკური ამოცანის შესრულებისთვის დააკავეს. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს არის ის საქმე, რომლის დროსაც წყდება, როგორი მომავალი ექნება თითოეულ ადამიანს“, - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

აქციის მონაწილეები სამინისტროს შენობასთან პროტესტს სიგნალებითა და ტრანსფარანტებით გამოხატავენ და დაკავებულების უპირობო გათავისუფლებას ითხოვენ.

⭕ ინფორმაციისთვის, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა აზერბაიჯანისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ბრალდებით არიან დაკავებული.

⭕ საქმეზე გამოძიება 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

⭕ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულები პატიმრობაში რჩებიან.