მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საპატრიარქო ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის განცხადებას ავრცელებს

ქუთაის-გაენათის მიტროპოლიტი

საპატრიარქო ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელი) განცხადებას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ამავე ეპარქიის დეკანოზ ილიას მიერ ებრაელი ერის მიმართ ქადაგებაში გამოთქმული მოსაზრება უსაფუძვლო ბრალდებას წარმოადგენს და ის ეკლესიის სწავლებას ეწინააღმდეგება. 

„ქუთაის-გაენათის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ ილია კარკაძის ბოლო დროს თქმული ქადაგება სრულად წარმოადგენს უსაფუძვლო ბრალდებებს ებრაელი ერის ან ცალკეული წარმომადგენლების მიმართ. არ ეფუძნება ეკლესიის სწავლებას და გამსჭვალულია ანტისემიტური პათოსით.

ამასთან, ქართველებისა და ებრაელების ურთიერთთანადგომით სავსე კეთილმეგობრული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა საფუძვლის გარეშე კუსა და მორიელის იგავს არის შედარებული. ამგვარი შედარება შეუსაბამოა, გულსატკენი და დასაგმობი. დეკანოზმა ილიამ მიიღო შესაბამისი შენიშვნა და წუხს ნათქვამი სიტყვების გამო.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნით ადრე ჩემ წინააღმდეგ ანტისემიტიზმის ბრალდებით აგორებული კამპანია მართებულად და ობიექტურად შეაფასა ისრაელის ელჩმა საქართველოში, ბატონმა რან გიდორმა და მაგალითი მოგვცა ტოლერანტობისა.

ამგვარი ფაქიზი დამოკიდებულებით ჩვენ არა მარტო წარსული კეთილი ურთიერთობის ხსოვნას შევინარჩუნებთ, არამედ მომავალშიც გავაგრძელებთ მას“, - აღნიშნულია მეუფე იოანეს განცხადებაში.

👉 ინფორმაციისთვის, 4 იანვარს ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი ქუთაის-გაენათის ეპარქიის მიტროპოლიტის იოანე გამრეკელის მიერ ებრაელი ხალხის მიმართ პატივისცემის გამოხატვასა და ანტისემიტიზმის დაგმობას მიესალა.

👉 ისრაელის ელჩმის თქმით, მნიშვნელოვანია მკაფიოდ იყოს გაცხადებული, რომ ანტისემიტიზმს, რასიზმსა და ფანატიზმს ქართულ საზოგადოებაში ადგილი არ აქვს.